მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაურკვევლობის ფონზე, ევროპელი იმპორტიორები გრძელვადიანი შეთანხმებების დადებას ერიდებიან - გვანცა მელაძე

გვანცა მელაძე

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში ე.წ. რუსული კანონის მიღების და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების ფონზე, ევროპელი იმპორტიორები ქართულ კომპანიებთან გრძელვადიანი შეთანხმებების დადებას ერიდებიან.

როგორც ასოციაციის გამგეობის წევრმა, გვანცა მელაძემ BMG-სთან განაცხადა, ჯერჯერობით მიმდინარე მოვლენები ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახულა. თუმცა მისი თქმით, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, ქართველი ექსპორტიორების ნაწილს მოლაპარაკებების პროცესი უჭიანურდება.

მისივე თქმით, თუკი არსებული ვითარება შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება, ეს უკვე ნეგატიურად აისახება ოფიციალურ მონაცემებზე და ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტზე.

„ვხედავთ, რომ ახალი კონტრაქტების დადების სიხშირე შემცირებულია, რადგან გაურკვევლობაა და ევროპელი იმპორტიორები გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმებას ერიდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი სანქციებზე მიდგა საქმე და ამ დასანქცირებულ პირებში, მოყვა მაგალითად, რომელიმე ღვინის კომპანიის მეწილე, ეს უკვე ევროპული მხარისთვის პრობლემა იქნება.

ევროპაში კარგად ახსოვთ კომპანია „ბორჯომის“ საქმე, რომლის მფლობელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ქვეშ მოყვა. ამიტომ ევროპელი იმპორტიორები ფრთხილობენ და ქართულ მხარეს ეუბნებიან, რომ ჯერჯერობით მოიცადონ და მერე გააფორმონ გრძელვადიანი ხელშეკრულებები. ეს ბუნებრივია, არსებულ შეთანხმებებს არ ეხება და ამას ოფიციალურ სტატისტიკაში ასახვა არ ჰქონია. თუმცა თუკი ასე გაგრძელდება და არასტაბილურობა იქნება წლის ბოლოსაც, ვფიქრობთ, ეს უკვე აისახება ახალი ბაზრების ათვისებასა და ექსპორტის მონაცემებზე“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები