მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის პარალელურად მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება, მათ შორის, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.
ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გვანცა მელაძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოდან ჩინეთში და ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო იმაზე მეტს იგებს, ვიდრე დღეს ჩინეთთან ვაჭრობას მოაქვს.
“ევროკავშირის ექსპორტის ძალიან დიდი წილი, 80% მოდის ადგილობრივ ექსპორტზე. ადგილობრივი ექსპორტი რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამას მოაქვს ბევრად დიდი დოვლათი, ვიდრე მოაქვს რეექსპორტს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ადგილობრივ ექსპორტში შეიძლება ყველა სარგებლობდეს დაუბეგრაობის შეღავათით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასეა, რეექსპორტი ამ შეღავათით საერთოდ არ სარგებლობს. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ ბაზრებზეც გვაქვს ჩვენ თავისუფალი შეთანხმებები, თუმცა იქ ადგილობრივი ექსპორტის წილი არის 2-ჯერ ნაკლები, 40% დააახლოებით.
ასევე, ჩინეთს რომ შევადაროთ. ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოსთვის არის ძალიან მაღალი, 93% რაც გადის საქართველოდან არის ადგილობრივი ექსპორტი და სარგებლის შეღავათით. თუმცა განსხვავება რაშია, ევროკავშირთან შედარებით, ეს არის ძალიან მცირე მასშტაბი. 5-წლიანი პერიოდები რომ შევადაროთ, 150%-ით ჩამოუვარდება ჩინეთში ექსპორტის მასშტაბი ევროკავშირში ექსპორტის მასშტაბს. რას დავკარგავთ, თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ისევ 5 წლიანი მონაცემები რომ ავიღოთ, 350 მილიონის ადგილობრივი ექსპორტზე დავკარგავთ შეღავათს, ანუ ჩინეთში ექსპორტი გაგვიძვირდება, თუმცა თუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ შეღავათებს დავკარგავთ, ზარალი იქნება უფრო მეტი", - ამბობს ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება 2016 წლიდან ამოქმედდა. ამ დროისთვის ქვეყნისთვის 500 მილიონიანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნა, რომლის ათვისებისთვისაც საქართველოს წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაზრდა უწევს, მეორე მხრივ კი, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს ისეთ ქვეყნებთანაც, სადაც პროდუქციის ხარისხის მიმართ ისეთივე მაღალი მოთხოვნები არ არის, როგორც ეს ევროკავშირშია. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს, რაც მნიშვნელოვანი ბენეფიატია, ამაზე კი "ოცნება" შეგნებულად არ საუბრობს.