ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. 2026 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება.
აღნიშნული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე გაკეთდა, ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ 2 აპრილამდე არსებული ტარიფები. თუმცა, ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.
მსოფლიოში მიმდინარე ომებისა და გაურკვევლობების ფონზე, მსგავსი პროგნოზების გაკეთება უჭირთ საქართველოში. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი თვლის, რომ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ტრამპის ტარიფების ომი და რეგიონში მიმდინარე პროცესები მოახდენს.
„ბევრი წელია ტოტალურ და გლობალურ გაურკვევლობაზე ვსაუბრობთ და ამ გაურკვევლობაში რთულია პროგნოზების გაკეთება. გასულ წლებშიც იმდენი რაღაც მოხდა, რომ პროგნოზები ხშირად ვერ მართლდება. ტარიფები ალბათ ყველა ქვეყანას შეეხება, აზიას მით უმეტეს, ოღონდ ეს სატარიფო პოლიტიკა როგორ გაგრძელდება და რაზე შეთანხმდებიან, არ ვიცით, ამის გარეშეც ბევრი გაურკვევლობაა. ჩვენთან ომი ისევ ახდენს გავლენას, თუმცა კლების ტენდენცია არის. მართალია, მაღალი ზრდა გვქონდა წლის მეორე თვეშიც, მაგრამ მაინც კლების ტენდენციაა და 6%-იანი ზრდაც ცოტა ოპტიმისტურად მეჩვენება იმ არასტაბილურობის ფონზე, რაც საქართველოშია.
ჩვენ ხომ ეს ზრდა რაც გვქონდა, ეკონომიკური რეფორმებით არ მიგვიღწევია, წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში ის იგულისხმებოდა, რომ ფართოდ გავუღეთ კარი რუსებს. წაგებული ომის პირობებში იგივე მაჩვენებლები ჰქონდა სომხეთს.
ომის ეფექტის რაღაც ნაწილი ისევ არის საქმეში. რიცხვებში გამოხატული ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს ზრდა გამოწვეული იყოს არასწორი ან შავი ფულის შემოსვლით, ან რუსეთიდან, ჩინეთიდან ან თუნდაც არაბული ქვეყნებიდანაც. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანია, რა იწვევს ამ ზრდას, ჩვენ ვიცით რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა მოძრაობებს დიდი შედეგი აქვს, არარეალურმა მოვლენებმაც კი შეიძლება ეს ზრდა გამოიწვიოს, მაგალითად ნახატების შემოტანამ. ბიძინა ივანიშვილმა რომ ნახატები შემოიტანა საქართველოში მაგის გამო ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდა? არა. ეკონომიკური ზრდა რატომ გვჭირდება? რომ კეთილდღეობა იზრდებოდეს, თუმცა თანამედროვე სამყაროში და არა მხოლოდ საქართველოში ყოველთვის ეგრე არ ხდება, დრო სჭირდება ხოლმე. ჩვენც მაღალი ზრდა გვქონდა და ვცხოვრობთ უკეთესად, ვიდრე 3 წლის წინ? ამაზეა საუბარი“ - აცხადებს ბერეკაშვილი.
ADB-ის მიმოხილვის მიხედვითვე, 2025 წელს ინფლაციის 4.0%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3.0%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
საქსტატის მონაცემებით კი, გასულ თვეში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე, 3.5%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის თებერვალში წლიური ინფლაცია 2.4%, იანვარში კი 2% იყო. ფასების წლიური ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 6.6%-ით მატებამ განაპირობა.
„ბოლო 2 წელში ძალიან დაბალი ინფლაცია გვქონდა ბევრი მიზეზის გამო. იმას რომ 3%-იან სამიზნე ნიშნულზე შენარჩუნდეს, მაგას ეხმარება ნავთობზე ფასების შემცირება, ანუ ნავთობი რომ არ გაიაფებულიყო უფრო მაღალი იქნებოდა. შემდეგ თვეებშიც ალბათ გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს ,კატასტროფულ ზრდას არ ველით, ალბათ იქნება 4%-ის ფარგლებში. “ - მიიჩნევს ეკონომისტი.