Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი ამბობს, რომ მისი ჩხრეკა და გამოკითხვა სოციალურ ქსელში პოსტის გაზიარებას უკავშირდებოდა, 2 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ "ტვ პირველთან", განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეფონი თავიდანვე ჩამოართვეს და ადგილიდან ლაივის გაშვება ვერ შეძლო.
"სამწუხარო რეალობაა რაც ხდება. ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "პუბლიკას" მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა. საქმის მასალებში ხვალინდელ ღონისძიებაზე ჩემი გაზიარებული პოსტია. იმ პირებიდან, რომლებზეც ჯგუფურ ორგანიზებაზე იყო საუბარი, ნახევარზე მეტს არ ვიცნობთ, არც მყავს ნანახი.
ქვეყანაში, სადაც პოსტის გაზიარების გამო შეიძლება ვიღაც შემოვიდეს, გაგჩხრიკოს და წაგიყვანოს დაკითხვაზე, ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია და ეს ხდება დღეს უკვე",- თქვა ილია ღლონტმა.
მისივე განცხადებით, 2 თებერვლის პროტესტის გეგმა უცვლელი რჩება.
"ეს ტყუილად არ ხდება, სისტემას ეშინია, რომ თავისუფალი ადამიანები სადაც შეიკრიბებიან, კიდევ უფრო გაძლიერდება პროტესტი. მათი ეს მეთოდები არ იმუშავებს რადგან ეს პროტესტი არ ეკუთვნის "დაიტოვეს", არ ეკუთვნის არავის, ის ეკუთვნის ხალხს. გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ხვალინდელი დღის წესრიგი რჩება. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ქართველ ხალხს უნდა",- განაცხადა ილია ღლონტმა.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს. დღეს დააკავეს სამოქალაქო აქტივისტის ისაკო დევიძე, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო.

























