ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულად საუბარი შედგა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, ან რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“შედგა შეხვედრა “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტთან, რომელმაც კონკრეტულ საინვესტიციო გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული მხარდაჭერა აღვუთქვით ახალი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ასევე შეხვედრა გვქონდა citi bank-ის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობის და შემდგომი განვითარების შესახებ, იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვატარებთ ფინანსურ სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიებთანაც.
“განახლებადი ენერგია დღეს ტრენდული მიმართულებაა მსოფლიოში. ბევრი წინადადება გვაქვს საერთო პროექტების თვალსაზრისით. საქართველო ატარებს ენერგეტიკის სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმას, რაც დიდ ინტერესს იწვევს კომპანიებში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად აქვთ სურვილი, ახალი პროექტები განახორციელონ საქართველოში. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელ chamille bloch-ს უკვე შერჩეული აქვს საქართველოში 650 ჰექტარი მიწა, რომელზეც თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. იმედი მაქვს, ყველა შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ჩავატარეთ, მოყვება შემდგომი გაგრძელება და დასრულდება კონკრეტული შედეგებით”, - აღნიშნა პრემიერმა.