ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან და საცალო გაყიდვების ობიექტებთან მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.
როგორც Retail Group Georgia-ს დამფუძნებელმა რევაზ მაღალაშვილმა შეხვედრაზე შესვლისას BM.GE-ის განუცხადა, მან არ იცის კონკრეტულად რაზე სურს მთავრობას მათთან საუბარი, თუმცა ფიქრობს, რომ საუბარი გახსნასა და პროტოკოლებს შეეხება. თუმცა ის ამბობს, რომ ბიზნესი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ხელისუფლებას შეზღუდვებით გახსნის გადახედვას სთხოვს.
„შეხვედრა ალბათ უფრო პროცედურული პროტოკოლური იქნება, თუმცა გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და რადგან ეკონომიკური გუნდის მინისტრები იქნებიან, ჩვენს ხედვებს გავუზიარებთ, როგორც შეიძლება უკეთესად ვმართოთ პროცესი, ისე რომ ბიზნესმა მეტი შვება მიიღოს და არ დავაზიანოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმს.
კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რითეილ სექტორი რეგულაციების შესრულებისთვის მზად არის და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მათ პოზიციას და შეხედულებებს გაიზიარებს.
„შაბათ-კვირის მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა პასუხია ის, რომ სწორედ იმიტომ, რომ ამ ორ დღეზე მოდის ყველაზე დიდი დაწოლა, მობილობის რისკიც უფრო მეტია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრანსპორტი შეზღუდულია და ეს ხალხი შაბათ-კვირასაც თავისი ტრანსპორტით შემოვა, მოხდება მათი კვადრატულობით დაშვება და რიგების მართვა. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა შაბათ-კვირაა თუ სხვა დღეები. ავტომატურად იმართება ეს პროცესი და გადადების რისკი მინიმალური იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ გახსნა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს, რომ ბიზნესმა შვება იგრძნოს და არა უბრალოდ გახსნილი დაგვერქვას. დასაქმებული ადამიანი, რომელიც 7 საათამდე მუშაობს, ის ვერ მოახერხებს კვირის დღეებში მოსვლას, ხოლო შაბათ-კვირას, როცა უნდა მოვიდეს ჩვენ დახურულები ვხვდებით.
აქამდე სამწუხაროდ რეგულაციები რა სახითაც გამოიცემოდა, მერე არ იცვლებოდა, ახლა თუ ამ მიმართულებით უფრო თავისუფლება იქნებოდა მოხარულები ვიქნებით“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საცალო გაყიდვების სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანახარჯად დასაქმებულების ტრანსპორტირება წარმოადგენს, ამიტომ ისინი მთავრობას სთხოვენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი შეღავათიან ფასად მიაქირავონ.
„თებერვალი თავისი შემოსავლებით მცირე თვეა და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, შემოსავლები დაახლოებით 40%-ით აქამდეც შემცირებული იყო, ამას კიდევ რომ დააკლდება შაბათი-კვირა და კიდევ დაემატება დამატებითი ხარჯი როგორიც არის ტესტირება... ასევე ყველაზე დიდი ხარჯი ტრანსპორტირების ხარჯია, რომელიც დეკემბერში გახსნისას ფაქტობრივად ხელფასის დანახარჯს გაუტოლდა, რადგან ტრანსპორტის დაქირავება მოგვიწია. როდესაც ტრანსპორტი არ იხსნება ეს ჩვენთვის დამატებითი სირთულეა, ამიტომ გვექნება ამაზე საუბარი თუ არის რაიმე საშუალება - იგივე მუნიციპალური ტრანსპორტის ქირაობა შეღავათიან ფასად - ესეც საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა „რითეილ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.