2023 წლის ოქტომბერში, თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ გააქტიურდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,377 შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი მატებაა წინა თვესთან შედარებით (+13%). თუმცა, წლიურ ჭრილში 14%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტითაა გამოწვეული, რადგან 2022 წლის ბოლო კვარტალი ძალიან აქტიური იყო ბაზრისთვის, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული.
ამავე პერიოდში, გასაყიდმა ფასმა $1,176 შეადგინა და სექტემბერთან შედარებით 1%- ით იმატა. წლიურ ჭრილში 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაყიდვების და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის მოცულობა თვიურად 2%-ით გაუმჯობესდა ($229 მლნ), თუმცა წლიურად 12%-ნი კლება დაფიქსირდა.
საშუალო გასაქირავებელი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და $12.3-ს გაუტოლდა (+24% წ/წ). თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 11.1% გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ იკლო, ხოლო წლიურად 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2023 წლის 10 თვეში, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.3 მლნ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.