"თიბისი კაპიტალმა" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, ამიტომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ზოგადად კი, 2023 წლის დეკემბერში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ ნოემბერთან შედარებით საგრძნობად იმატა, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,680 შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. თუმცა, მაღალი საბაზისო ეფექტის გამო, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. წლიურმა ზრდამ კი 12% შეადგინა.
გაზრდილი ფასების ფონზე ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი $12.2-ს გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2023 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია და წლიურად 56%-ით გაიზარდა.