მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაყიდვები 20%-მდე გავზარდეთ" - "ასკანელი" 2025 წელს აფასებს

ქეთი კენკიშვილი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია „ასკანელმა" 2025 წელს გაყიდვები 20%-მდე გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ქეთი კენკიშვილმა განაცხადა.

„გამოწვევები ყოველთვის არის და ყოველწლიურად გვიწევს მათი დაძლევა. თუმცა, 2025 წელი შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ, რადგან გვაქვს გაყიდვების 20%-მდე ზრდა, შევასრულეთ ჩვენი გეგმები და გავზარდეთ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა“, - აღნიშნა ქეთი კენკიშვილმა.

მისი თქმით, „ასკანელი“ უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი: „ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობაში. წლიურად, დაახლოებით 18-20 მილიონ ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, რომლის მნიშვნელოვანი წილი ექსპორტზე გადის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ასპარეზზეც, როგორც ქართული ღვინოს წარმომადგენელი“.

ქეთი კენკიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ 2025 წელს, კომპანიამ განსაკუთრებული გაფართოება შეძლო როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე.

„ახალი ბაზრებია აზია და ევროპული პრესტიჟული ქვეყნები. წელს, ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრები დაგვემატა, მათ შორის უზბეკეთის ბაზარი. საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარე წელს დასრულდება და ექსპორტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება. ასევე, ბრაზილიაში გავედით და იმ ბაზრებზე ვფართოვდებით, სადაც უკვე აქტიურები ვართ“, - აღნიშნა ქეთი კენკიშვილმა.

რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, „ასკანელი“ აპირებს ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების გაზრდას და პროდუქტის პოზიციონირებას როგორც ძვირად ღირებული, იშვიათი და მაღალი ხარისხის პროდუქტი.

„ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს საერთაშორისო ბაზრებზე, რათა ქართული ღვინო აღქმული იყოს განსაკუთრებულ, პრესტიჟულ პროდუქტად“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები