მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაყიდვების მხოლოდ 15% მოდის რუსეთზე“ - თელავის ღვინის მარანი

ღვინო

BM.GE-იმ საქსტატიდან მსოფლიოში ქართული ღვინის ექსპორტიორი მსხვილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვეში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეულში შედიან:

სს ბადაგონი,

სს თელავის ღვინის მარანი,

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა,

შპს Bolero & Company,

შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი,

შპს ასკანელი ძმები,

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია,

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა,

შპს კახური ღვინის მარანი,

შპს მეღვინეობა ხარება.

„თელავის ღვინის მარნის“ თანადამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ ჩამონათვალში მოხვედრის მიუხედავად, კომპანია რუსეთში საერთო რაოდენობის მხოლოდ 15%-ს ყიდის. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას რამაზაშვილმა განაცხადა, რომ 37%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ევროპა.

„2023 ძალიან რთული წელი იყო კლიმატური პირობების თვალსაზრისით. პრობლემური იყო ვენახის ჯანმრთელობის საკითხი, ცუდი მოსავალი იყო, ფაქტობრივად გაგვინახევრდა. რაც შეეხება ექსპორტს და გაყიდვებს, ჩვენ იგივე დონეზე დავრჩით რაც შარშან გვქონდა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვაქვს.

რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენი ღვინის დიდი ნაწილი, 37% იყიდება ევროპაში. რუსეთში მხოლოდ 15% გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს არ არის დომინანტური. შემდეგ მოდის ქართული ბაზარი და დანარჩენი ნაწილდება აზიის და ამერიკის ქალაქებზე.

რუსეთში გაყიდვებს 2008 წლიდან ვამცირებთ, ბევრი მიზეზია ამის, ყველამ იცის ეს. რაც შეეხება ევროპას, აქ ვზრდით გაყიდვების მაჩვენებლებს 2004 წლიდან, როდესაც შევქმენით სადისტრიბუციო კომპანია პოლონეთში. პოლონური ჰაბის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ ევროპულ გაყიდვებს. პირდაპირი გაყიდვები გვაქვს გერმანიაში და ინგლისში, ასევე იტალიასა და ჩეხეთშიც.

ფასების მიხედვით ჩვენ დივერსიფიკაცია არ გვაქვს, თითქმის ყველგან თანაბარია, თუმცა ყველაზე მიმზიდველი მაინც ჩინური ბაზარზია. ჩვენი ღვინის მაგალითზე ვერ ვიტყვით, რომ დაბალფასიან სეგმენტზეა აქ მოთხოვნა, საშუალოზე მაღალი კატეგორიის ღვინოები გადის ჩინეთში“, - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ ღვინის რეალიზებით 217 მილიონ 303 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები