მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყინული ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი 7%-მდე იზრდება

606b2de850232
ინგა მურუსიძე
05.04.21 19:38
1696

გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი 5%-დან 7%-მდე იზრდება. „ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებს მთავრობა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

საქმე ისაა, რომ მთავრობის დადგენილებითვე, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 15 იანვარს 1 აპრილამდე შეჩერდა. ლევან დავითაშვილის უწყება თებერვალში რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებდა. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა“, - განმარტავდნენ სამინისტროში.

დღეს კი, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა bm.ge-ის განუმარტა, ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმუმ 7%-იანი ზღვარი 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
მისივე თქმით, იცვლება პროდუქტის შემოწმების წესი და ის არა - საზღვარზე, არამედ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმდება. „კონტროლის მექანიზმი, ისევე როგორც სხვა ვალდებულებები, გადმოვა სხვა სივრცეში ანუ პასუხისმგებლობა საბაჟოს ნაცვლად დაეკისრება სურსათის ეროვნულ სააგენტოს და როგორც გვაქვს შერჩევითი შემოწმებები, ისე იქნება ამ შემთხვევაშიც. იმპორტირებული პროდუქციის ეტიკეტზე იქნება მითითება ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის შესახებ“, - განმარტა გელა ხანიშვილმა.

რაც შეეხება მთავარ საკითხს - რატომ გაიზარდა ფრინველის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობის 5%-იანი ზღვარი მაქსიმუმ 7%-მდე, ასევე იყო თუ არა ეს იმპორტიორი კომპანიების მოთხოვნა, რომელთა საფუძველზეც 2 თვით დადგენილების მოქმედება შეჩერდა და რომელი ქვეყნების ექსპორტიორები იყვნენ ისინი, მინისტრის მოადგილემ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ „მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმპორტისთვის პრობლემების არშექმნისკენაც არის მიმართული“.

„იმპორტიორებს ჰქონდათ გარკვეული სურვილი, რომ ფრინველის ხორცის იმპორტის დროს კონტროლის მექანიზმები სხვანაირ დონეზე განხორციელებულიყო. ძირითადად, საუბარი შეეხებოდა წყლის შემცველობაზე პარამეტრების საკითხის დაკორექტირებას. ამ დროის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთანაც გვქონდა კონსულტაციები და შეჯერდა ახალი ტექსტი, რომლის თანახმად, გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი ნაცვლად 5%-ისა, გახდება მაქსიმუმ 7% ანუ პროდუქტს ექნება სერტიფიკატი, რომელშიც ეწერება, რომ ქათამი არ შეიცავს იმაზე მეტ წყალს, ვიდრე მისი დამუშავებისთვის იქნება საჭირო, ხოლო დამუშავების ფორმები ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ერთი და იგივე გვაქვს“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

Bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - ჰქონდა თუ არა სამინისტროს კომუნიკაცია ადგილობრივ მწარმოებლებთან, გელა ხანიშვილი ირწმუნება, რომ „კონსულტაციები გაიმართა“.

„ადგილობრივ მწარმოებლებს სურვილი აქვთ, რომ გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა იყოს რაც შეიძლება მცირე, მაგრამ მოგეხსენებათ, ადგილობრივი მეფრინველეობა ჩვენი მოთხოვნის/მოხმარების დაახლოებით, 1/3-ს აკმაყოფილებს და დანარჩენი 2/3 მოდის იმპორტირებულ ხორცზე, ამიტომ მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების ინტერესის გათვალისწინება კორექტული არ იქნებოდა. იმპორტიორი უნდა იყოს კმაყოფილი და მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ჩვენი გადაწყვეტილებით კი, მოსახლეობაც დაცულია, რომ ხელოვნურად წყლით გაჟღენთილ პროდუქტს არ მიიღებს და მწარმოებლებისთვის არის კონსენსუსი, რომ ხელოვნურად გაიაფებული პროდუქტი არ შემოვა“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი ისედაც დროებითია და 2025 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ევრორეგულაციები ამოქმედდება, თუმცა იქამდე მწარმოებლებიც და იმპორტიორებიც წყლის შემცველობის ზედა ზღვრისთვის მოემზადებიან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები