Politico-ზე გამოქვეყნდა მოსაზრების სტატია, რომლის ავტორი იურისტებიც აცხადებენ, რომ გაყინული რუსული აქტივების გაცემის შემთხვევაშიც კი, ბელგიას არავითარი სამართლებრივი საფრთხე არ ემუქრება. როგორც სტატიის ავტორები განმარტავენ, არ არსებობს არცერთი რეალური სამართლებრივი გზა, რომლითაც რუსეთი ბელგიას ევროპულ ან ბრიტანულ სასამართლოში უჩივლებს და დავას მოიგებს. მათი თქმით, არცერთი ავტორიტეტული ორგანო რუსეთის უზენაესის სასამართლოს ვერდიქტს წარმოებაში არ მიიღებს.
იურისტების შეფასებით, რუსეთს ძალიან გაუჭირდება ისეთი ნეიტრალური იურისდიქციის მოძებნა, სადაც მის სარჩელს მიიღებენ. მით უმეტეს, ისეთის, რომლის გადაწყვეტილების დამორჩილებაც ბელგიას მოუწევს.
იურისტები კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ოფიციალურ ბრიუსელს ნერვიულობის მიზეზი. მათი შეფასებით, რუსეთსა და ბელგიას შორის წლების წინ დადებული ორმხრივი საინვესტიციო გარიგება, რომლის შესაძლო დარღვევისთვისაც რუსეთი ჩივილს აპირებს, არ მოიცავდა ქვეყნის სუვერენულ აქტივებს. ანუ იმ თანხას, რომელიც ახლა ბელგიაშია გაყინული.
ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბელგიამ სამართლებრივი რისკები ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსული აქტივების გაყინვისას აიღო. შესაბამისად, €200 მილიარდი ევროს მოცულობის თანხების გაცემაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ამან ქვეყანას სამართლებრივი პრობლემები შეიძლება შეუქმნას, საფუძველს მოკლებულია.
სტატიის მიწურულს ავტორები აღნიშნავენ, რომ ის სტრატეგიული სარგებელი, რასაც ბელგიის მოკავშირე უკრაინა მიიღებს, მეტ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპას. შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლებამ გაყინული აქტივები ომში მყოფ უკრაინას უნდა გადასცეს.




























