მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზი არ გაძვირებულა, მაგრამ მომხმარებელმა გაზრდილი გადასახადი მიიღო|რატომ?

გაზი

ბოლო დღეებში, საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ბუნებრივი აირის მაღალი კომუნალური გადასახადის შესახებ წერენ და ინტერესდებიან - რამ გამოიწვია იანვარში, რიგ შემთხვევაში გაზრდილი ან გაორმაგებული კომუნალური გადასახადის გაწერა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზრდილი მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატიც ავრცელებს.

„პირველ რიგში, დამცველის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა“, - აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში და გაზრდილი ხარჯის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს განმარტავენ. მათი ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს:

  • მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
  • მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
  • კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი
  • ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია

ბუნებრივი გაზის მოსახლეობისთვის გაზრდილი ხარჯის მიზეზების გასარკვევად BM.GE-მ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართა, რომელიც საქართველოს რეგიონებს ბუნებრივ აირს აწვდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტემპერატურის შემცირებასთან ერთად გაზგამათბობლები უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. კომპანია მოსახლეობას რეკომენდაციასაც აძლევს.

ქვეყანაში არსებული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გაზდანადგარების მიერ გაზის მოხმარება იზრდება. თუ კონკრეტულ აბონენტს ეჭვი ეპარება მისი მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლები მივლენ და ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველს“, - განუცხადეს BM.GE-ს „სოკარ ჯორჯია გაზში“.

მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს ასევე ენერგოომბუდსმენის აპარატი და აცნობებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

„მომართვის შემთხვევაში:

  • დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
  • შეფასდება დარიცხვის კანონიერება
  • ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე

მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

  • ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბ
  • ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16

577149912; 591494949; 577222281; 577310073

  • ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16

591075031

  • ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10

591 22 88 22

  • ცხელი ხაზი (+995 32) 2 42 01 90

ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა", - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები