"გაზიდან ვართ შემოწმებაზე და გთხოვთ, გააღოთ კარები“ – ამ შინაარსის ფრაზით სახლის კარებზე კაკუნი მას შემდეგ გახშირდა თბილისში, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროევროპული აქციებია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არაერთმა მოქალაქემ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ სწორედ ამ მიზეზით მიაკითხეს სახლში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არა - „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები, არამედ სამართალდამცველები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა. „გაზიდან ვართ“ - BMG-ის ჟურნალისტ ელენე კვანჭილაშვილის სახლზე უცნობმა პირებმა სწორედ ამ ტექსტით დარეკეს ზარი.
როგორ უნდა დარწმუნდეს მოქალაქე, რომ ნამდვილად „თბილისი ენერჯის“ თანამშრომელი ესტუმრა სახლში, რათა გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოება შეამოწმოს? - ამ კითხვით BMG-მ „თბილისი ენერჯის“ მიმართა.
როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, „თბილისი ენერჯის“ ვებგვერდზე - www.TE.GE შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და მოიძიოთ სრული ინფორმაცია გაზის უსაფრთხოების სპეციალისტების შესახებ.
"გახსოვდეთ, ყოველთვის მოითხოვეთ კომპანიის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა. ეს პროგრამაც სწორედ თქვენი კომფორტისთვის და უსაფრთხოებისთვის შევქმენით", - აცხადებენ კომპანიაში.