საქართველოში კომერციული სექტორისთვის გაზის ფასის შემცირების რესურსი ალბათ არის, რადგან ბაზრების გახსნა-ლიბერალიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ კონკურენცია შევქმნათ - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ BM.GE-სთან პოსტპანდემიურ პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, თუმცა კომერციული სექტორისთვის ალბათ არის გაზის გაიაფების რესურსი, რადგან ნაწილობრივ ბაზრების გახსნა-ლიბერალიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ კონკურენცია შევქმნათ. კომერციული სექტორისთვის საკმაოდ მძიმე, პრობლემურია ეს გაზის ფასი", - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ საქართველოში კერძო სექტორისთვის არსებული გაზის ღირებულება რამდენჯერემე ევროპულს.
დავით მირცხულავას განმარტებით, აპრილის ბოლოს ევროპულ ბაზარზე ფასები 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე 67 აშშ დოლარი იყო, ერთი დღით ადრე ბაზარზე კი 60 დოლარი.
"პანდემიის გავლენა ბუნებრივი გაზის ბაზრებზე და საერთოდ გაზის ბაზრებზე საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ისეთი დრამატული, როცა მყიდველს იქით უხდიდნენ თანხას, რაც ამერიკის ბირჟებზე მოხდა, ასეთი არ ყოფილა, თუმცა გენერაციის და მრავალი სფეროს ეკონომიკის გაჩერებამ, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებამ ევროპაში, ის გამოიწვია, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა და მის პარალელურად ფასები დაბლა წამოვიდა.
მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ზუსტად ასე ბრიტანულ ჰაბებზე იყო 43 დოლარი, რაც ძალიან დაბალია და პირველად მოხდა ისეთი რამ, როცა რუსული "გაზპრომის" გაზი გარე ბაზარზე უფრო იაფად იყიდებოდა, ვიდრე შიდა ფასია რუსეთში.
პერსპექტივაც ბაზრებზე საკმაოდ მძიმე იქნება, რადგან წელს ფაქტიურად არ გამოყენებულა არცერთი მიწისქვეშა საცავი ევროპაში, თითქმის ყველა სავსეა და მომავალ წელს მოხმარება იქნება დაბალი, ამიტომ შესაძლებელია ფასები საკმაოდ დაბალ დონეზე იყოს.
რაც შეეხება საქართველოს, მე ვფიქრობ, ყველაზე რთულად საქმე აქ ალბათ, კომერციულ სექტორს აქვს, რადგან აქ ისედაც არ ჰქონდათ იაფიანი გაზი, რეგიონში ყველაზე ძვირიანი გაზი იყო და ამ შემთხვევაში საექსპორტო პროდუქციას თუ გადავხედავთ, ამისთვის ძირითადი ინგრედიენტი ბუნებრივი გაზია და ევროპაში ანალოგიური ქარხანა იღებს ძალიან იაფ გაზს, რაც ბუნებრივია, შენი კონკურენციის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამაზე ალბათ საფიქრალია, თუმცა საკმაოდ რთულია", - განაცხადა დავით მირცხულავამ და დასძინა, რომ 1000 კუბურ მეტრზე 60 დოლარიანი ფასი საქართველოში 1999-2000 წლებში იყო.