მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზის გაძვირება, კატასტროფულად გაძვირებულ პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს“ - რატიშვილი

629616259babd
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 18:19
1480
"თბილისი ენერჯი", „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის, ანუ ბიზნესისთვის 1 ივლისიდან ბუნებრივი აირის ტარიფს ზრდის. ამის შესახებ განცხადებები კომპანიებმა დღეს გაავრცელეს.

თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრი გაძვირდება და ერთ კუბური მეტრი გაზის ღირებულება 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ნებისმიერი წარმოება, რომელიც გაზს მოიხმარს, გაზის გაძვირებას მყისიერად იგრძნობს და ისედაც კატასტროფულად გაძვირებული პროდუქტი, კიდევ უფრო გაძვირდება.

„გაზის და კომუნალური გადასახადების მდგენელი ნებისმიერი პროდუქციის წარმოების თვითღირებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, შესაბამისად, ეს ცვლილება პროდუქციის თვითღირებულებაზე მყისიერად აისახება და როგორც ყოველთვის ხდება, ეს პროდუქტის სარეალიზაციო ფასს შეცვლის. კომერციული აბონენტებისთვის, გაზის გაძვირება კატასტროფულად გაძვირებულ სხვადასხვა პროდუქტის, კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.

ჩვენი დაკვირვებით ჩვენ ერთგვარად ჩართული ვართ ისეთ წრებრუნვაში, სადაც მუდმივად სხვადასხვა ფაქტორების გამო ამა თუ იმ პროდუქტის თვითღირებულებაზე ზემოქმედება ხდება. იქნება ეს იმპორტირებული მზა პროდუქტი, თუ ადგილზე წარმოებული პროდუქტი, რაც საბოლოოდ ფასების ზრდაზე აისახება, ანუ იზრდება ინფლაციური წნეხი, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ჩვენს, არც თუ ისე ფინანსურად და მატერიალურად მდგრად მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე იქონიებს“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ ინფორმაცია მედიიდან მიიღო. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელთა კავშირის წევრ კომპანიებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები