მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაზპრომბანკის" UnionPay-ის მომსახურება რამდენიმე ქვეყანამ შეწყვიტა - სანქციების ეფექტი

გაზპრომბანკი

რუსული „გაზპრომბანკის“ მიერ გაცემული UnionPay ბარათების მომსახურება უნგრეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეწყდა - ეს მას შემდეგ, რაც ბანკი დაემატა აშშ-ს სანქციების ახალ სიას.

რუსული მედიის ცნობით, უნგრეთის OTP Bank აღარ ამუშავებს ამ ბარათებს. რაც შეეხება თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, აღნიშნულია, რომ უბრალოდ „ბანკებმა შეწყვიტეს“ მათი მომსახურება.

კერძოდ, თურქეთსა და საამიროებში ამ ბარათების გამოყენებით ფულის გამოტანის მცდელობის შემთხვევაში, ბანკომატი გაფრთხილებთ ტექნიკური ხარვეზის შესახებ, ან გატყობინებთ, რომ ბარათს არ აქვს მხარდაჭერა ამ ქვეყნებში.

„გაზპრომბანკი“ რუსეთში სიდიდით მესამე ბანკის პოზიციას იკავებს. ამ ფინანსური გიგანტის სანქცირება, მიზნად ისახავს მის 6 შვილობილი კომპანიის დასუსტებას, რომლებიც ოპერირებენ საზღვარგარეთ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა სანქციები დაუწერა 50-ზე მეტ რუსულ ბანკს, 40 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და ფინანსურ სექტორში 15 მაღალი თანამდებობის პირს. მათ შორის სანქციების ქვეშაა რუსეთის ცენტრალური ბანკი.

- ხუთშაბათს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ათეულობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. შეზღუდვები ამჯერად "გაზპრომბანკსაც" შეეხო, რომელსაც მანამდე სანქცირებული არ ყოფილა;

- საკრედიტო ორგანიზაციამ ხუთშაბათსვე შეატყობინა კლიენტებს, რომ UnionPay-ის ბარათებთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა საზღვარგარეთ და რეკომენდაცია გაუწია, ეჩქარათ ამ ბარათებიდან თანხის განაღდება;

- პარასკევს, "გაზპრომბანკმა" ამოიღო UnionPay ბარათი იმ ბარათების სიიდან, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს თავის ვებგვერდზე;

- ბანკი ირწმუნება, რომ მისი ბარათები, მათ შორის უცხოური გადახდის სისტემები, კვლავაც მიიღება მთელ რუსეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები