მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთი დატოვა და უკრაინის მხარეს ბრძოლას აპირებს

62690af1cbc89
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.22 14:00
1159
„გაზპრომბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა იგორ ვოლობუევმა რუსეთი დატოვა და უკრაინის ტერიტორიული დაცვის რიგებში ჩაწერას გეგმავს. მწერალ სერგეი ლოიკოსთან საუბრისას, რომელიც The Insider-სთვის ჩაიწერა, ის აღნიშნავს, რომ პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია და რუსეთიდან წამოსვლამდე „გაზპრომბანკის“ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისივე თქმით, ის უკრაინაში სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტ ახტირკაში არის დაბადებული და სამშობლოს - უკრაინის - დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი ლოიკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე აღნიშნავს, რომ იგორ ვოლობუევმა რუსეთი 2 მარტს დატოვა.

„უბრალოდ რუსეთში ყოფნა აღარ შემეძლო. მე ეროვნებით უკრაინელი ვარ, ახტირკაში დავიბადე. აღარ შემეძლო იმისთვის მედევნებინა თვალი, რას უშვრება რუსეთი ჩემს სამშობლოს.

მე ჩამოვედი იარაღით ხელში ჩემი სამშობლო - ახტირკა, უკრაინა, დავიცვა. ჩემი ვიზიტი ცოდვების მონანიებას ჰგავს და მინდა ჩემი რუსული წარსულისგან განვიწმინდო. მინდა, უკრაინაში გამარჯვებამდე დავრჩე. უკრაინა ჩემი სამშობლოა და ის ახლა საფრთხეშია. არ შემიძლია, ვიცხოვრო კმაყოფილი, დანაყრებული ცხოვრებით, როდესაც მამას მიკლავენ, რომელიც ახტირკაში ცხოვრობს, როცა ჩემს ახლობლებს, ნაცნობებსა და მეგობრებს კლავენ“, - განაცხადა ვოლობუევმა.

„გაზპრომბანკის“ ვიცეპრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში საერთაშორისო დონის დანაშაული უწოდა.

„ეს დანაშაულია პუტინის, რუსეთის ხელისუფლების და სინამდვილეში რუსი ერის მხრიდან, რადგან აქ უკრაინელებს პუტინი კი არ კლავს, უნიტაზებს პუტინი კი არ იპარავს, ქალებს პუტინი არ აუპატიურებს, ეს რუსი ხალხია და მე, როგორც ეროვნებით უკრაინელს, ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს ამაზე, ამის გამო მრცხვენია. ამის გამო მთელი ცხოვრება სინანულში ვიქნები, რადგან ჩემზე ორმაგი პასუხისმგებლობა მოდის, რადგან მე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე კი არ ვარ, განვმეორდები და ვიტყვი, რომ უკრაინაში დავიბადე, 18 წელი აქ ვიცხოვრე, ამიტომ ორმაგად და სამმაგად ვარ პასუხისმგებელი“, - თქვა მან.

იგორ ვოლობუევმა „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის გარდაცვალების ფაქტზეც ისაუბრა. როგორც რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერდა, „გაზპრომბანკის“ ტოპ-მენეჯერმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

„ის მხოლოდ ვიცე-პრეზინდეტი არ იყო, ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. არ ვიცი რას საქმიანობდა, მე მას არც ვიცნობდი და არც შევხვედრივარ. ამავე დროს, მისი ვითომ თვითმკვლელობის დროისთვის ის მოქმედი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. არ მჯერა, რომ მას ცოლ-შვილის მოკვლა შეეძლო და ვთვლი, რომ ეს დადგმულია, რატომ? - რთული სათქმელია. იქნებ, მან რაღაც იცოდა და საფრთხეს წარმოადგენდა“, - თქვა „გაზპრომბანკის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენმტმა.

საუბრის ბოლოს იგორ ვალობუევმა თქვა, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან უკრაინელები თავის მიწას, სამშობლოს იცავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები