2023 წელს, მწვავე გვალვის გამო, პანამის არხში გემების გატარება და, შესაბამისად, საზღვაო გადაზიდვები რამდენჯერმე შემცირდა. თუმცა არხის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, ყოველდღიური ტრანზიტების რაოდენობა 2024 წლის იანვრიდან გაიზრდება, რისი მიზეზიც ბოლო 6 კვირაში მოსული დიდი ოდენობით ნალექია.
24 იანვრიდან არხი დღეში 24 გემს გაატარებს. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ტრანზიტების ოდენობა ჯერ 20-მდე, შემდეგ კი 18-მდე შემცირდებოდა.
ამჟამად პანამის არხში ყოველდღიურად 22 გემის გატარებაა ნებადართული, საიდანაც 16 პანამაქსია, 16 კი - ნეოპანამაქსი. შეზღუდვა ტბა გატუნის მდგომარეობიდან მომდინარეობს, რომელშიც “ელ-ნინოს” ფენომენის გამო წყლის დონე უჩვეულოდ შემცირებულია.
შეზღუდვების გამო 2023 წელს პანამის არხის გამტარუნარიანობა 50%-მდე შემცირდა, ბევრ გემს კი ტვირთის გადასაზიდად უფრო გრძელი მარშრუტების გავლა უწევთ, მათ შორის სუეცის არხის გავლით.
ოფიციალური უწყების ცნობით, ნოემბერში პანამის არხმა 783 გემი გაატარა, რაც დღეში, საშუალოდ, 26 ტრანზიტს უდრის. ეს მაჩვენებელი ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან, 32.4 გემთან, შედარებით შემცირებულია. წლიურ ჭრილში კი არხში გატარებული გემების რაოდენობა დღეში, საშუალოდ, 35.5-დან 33.9-მდე შემცირდა.