საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთ–უკრაინის ომის გამო მთლიანად რეგიონის რისკიანობის დონე არის გაზრდილი, რამაც საქართველოში კაპიტალის შემოდინებაზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა. თუმცა, გვენეტაძე ასევე აცხადებს, რომ კაპიტალის შემოდინების დანაკლისი ვერ იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორიც 2020 წელს, პანდემიის გამო იყო.
“ამ ეტაპზე საგარეო შემოდინებებსა და გადინებებზე ზუსტი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც ინფორმაციის შეგროვებისათვის საკმაოდ დრო არ არის გასული, რათა დასკვნები გავაკეთოთ. მიმდინარე მდგომარეობიდან გაზრდილია რეგიონის რისკიანობა, რამაც შეიძლება კაპიტალის შემოდინებაზე იმოქმედოს. ამ რისკიანობის აღქმაც არის ცვალებადი. ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად დამთავრდება კონფლიქტი. ამ კონფლიქტის სწრაფად დამთავრება აუცილებელია, პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის, რათა მალე დასრულდეს ეს ომი. ამის შემდეგ უკეთ გამოჩნდება რა იქნება გავლენა რეგიონზე, რეგიონის ქვეყნებზე.
ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო შემოდინებებში დანაკლისი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო. მოგეხსნებათ მხოლოდ 2020 წელს ტურისტული სექტორიდან 2.9 მილიარდის შემოსავალი ვერ მიიღო საქართველომ,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ის 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაიზარდა.
სებ-ის განმარტებით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი და გლობალურ ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირება საქართველოს ეკონომიკისთვის ახალ შოკს წარმოადგენს, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის მომატების გადაწყვეტილება მიიღო.
დღესვე განახლდა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური მატება 5%-ის ნაცვლად 3-4%-ის დონეზე იქნება.




























