მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCA-მ FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა

კონკურენციის სააგენტო
05.11.24 12:23
553

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში - შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.

არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება შპს „დეილისა“ და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი) საქმეს - კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები წარმოდგენილნი არიან როგორც წარმოების, ასევე საბითუმო დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის დონეზე. შესაბამისად, სააგენტომ ბაზარზე კონცენტრაციის დონე შეისწავლა სამივე მიმართულებით.

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქციის სეგმენტაციიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილდა ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი(HHI) - 2 590-ს. სააგენტოს პოზიციით, ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს და იგი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მდგომარეობით არ არის განპირობებული.

რაც შეეხება ლუდის ბაზარს, ამავე წელს, ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1888 (ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 6 264 342 157 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა (HHI) 518.02 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს, GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 11 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ამ დროისათვის, 3 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები