კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში მომუშავე კომპანია შპს „ქეი.ენ.ჯი ველნესი" 5 555 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს თანახმად, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - მომხმარებლის წინასწარ სრულყოფილი ინფორმირების სტანდარტის დარღვევის ფაქტს. GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულდა.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაჯარიმების პროცედურას სააგენტო იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს და 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
2025 წელს, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 10 მოვაჭრეს, ჯამში - 11 556 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ",- აცხადებენ სააგენტოში.
მეწარმეთა რეესტრის თანახმად, შპს „ქეი.ენ.ჯი ველნესის" დირექტორი ივანე ყაჭიურია. კომპანიის წილები ასე ნაწილდება: შპს ქეი.ენ.ჯი - 20%, შპს ახალი ჰორიზონტი - 40%, შპს ტონუსი - 40%.