საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს ცნობით, საქმე მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევას შეეხებოდა. ავიაკომპანიაში GCCA-ს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ.
კერძოდ, GCCA-ს თანახმად, კომპანიამ მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ხოლო შემდგომ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
"აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი VIP მომსახურებით სარგებლობდა, რაც ბარგის უშუალოდ ავტომობილამდე მიტანას ითვალისწინებდა. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაზიანება დაუყოვნებლივ აღმოეჩინა, მაშინ როდესაც კომპანია სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა.
GCCA-ის განმარტებით, როგორც საერთაშორისო კონვენციების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრებოდა. „ჯორჯიან ეარვეისს“ უნდა დაესაბუთებინა, რომ ნივთი მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, დადასტურდა მისი მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა.
ამასთან, ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია შეეხებოდა კომპანიის სტანდარტულ პირობას, რომელიც მგზავრებს კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობას უკრძალავდა. GCCA-ის განმარტებით, ამგვარი სტანდარტული პირობა გაუმართლებლად ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს და უსამართლო სტანდარტულ პირობად მიიჩნევა. თუმცა ვინაიდან მოვაჭრემ აღნიშნული ჩანაწერი საქმის განხილვის პროცესშივე ამოიღო, სააგენტომ ამ ნაწილში დარღვევა აღარ დაადგინა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-მდე ოდენობით. ამასთან, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს",- აღნიშნავენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
თავის მხრივ, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. როგორც BMG-სთან კომპანიაში განმარტეს, მიაჩნიათ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო სათანადო მოკვლევის გარეშე, რადგან, ავიაკომპანიის თანახმად, შესაბამისი მოკვლევის ჩატარების შემთხვევაში სააგენტოს ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ჯორჯიან ეარვეისს” არ გააჩნია ნახსენები VIP მომსახურება.
"აღნიშნულმა მგზავრმა აეროპორტის სერვისით ისარგებლა, რადგან აღნიშნული VIP მომსახურება (ბარგის მიტანა აეროპორტის ტერიტორიიდან მანქანამდე) მხოლოდ აეროპორტს გააჩნია. “ჯორჯიან ეარვეისს” არ გააჩნია ბიზნეს დარბაზი, რადგან სივრცის უკმარისობის გამო წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ავიაკომპანიისთვის ცალკე ბიზნეს დარბაზის გამოყოფა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ “ჯორჯიან ეარვეისს” აქვს მოლოდინი, რომ თბილისის აეროპორტში ბიზნეს დარბაზისთვის ცალკე სივრცე გამოიყოფა.
გარდა ამისა, განხილულ შემთხვევაში, მგზავრი ფრენის დასრულების შემდეგ აეროპორტის ტერიტორიიდან ისე გავიდა, რომ ჩაბარებული ბარგის შესაძლო დაზიანების ფაქტზე სავალდებულო ოფიციალური აქტი - PIR (Property Irregularity Report) არ შეუვსია და აეროპორტის ტერიტორიაზე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ასევე, მან ავიაკომპანიას მხოლოდ ტერიტორიის დატოვების შემდეგ მიმართა, რის საფუძველზეც კომპანიამ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
ვინაიდან სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო საავიაციო ნორმებს, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ დაიცავს კანონიერ ინტერესებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს სასამართლოში",- ამბობენ ავიაკომპანიაში.




























