კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ გასაჩივრებულ 53 მილიონ ლარიან ჯარიმაზე, სასამართლო განხილვა კვლავ არ დაწყებულა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საუბარია სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის 2023 წელს დაკისრებულ ჯარიმაზე. ავერსი, გეფა [ჯიპისი ფარმადეპო] პსპ და მერმისი ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, რაც ოთხივე მათგანმა გაასაჩივრა.
"ჩვენ ორი ქეისი გვქონდა, სადაც მოხდა ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის შეფასება. ერთი ეხებოდა ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის დროს კარტელურ გარიგებას, როდესაც იდენტური ფასები იქნა დაფიქსირებული ოთხი კომპანიის მხრიდან. ისინი ჩვენ დავაჯარიმეთ 53 მილიონი ლარით ჯამში. ყველა საქმე არის გასაჩივრებული სასამართლოში და ჯერჯერობით სხდომები არ არის ჩანიშნული და განხილვა არ დაწყებულა ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები დავიცვათ სასამართლო პროცესებზე და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ არგუმენტირებულია ჩვენი გადაწყვეტილება.
მეორე საკითხი ეხებოდა ასევე ფარმაცევტული კომპანიების ქეისს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დავასრულეთ - ჭარბი ფასი მომხმარებლისთვის რეფერენტული ფასების შემოღებამდე. ჩვენ ოთხი კომპანიის შემთხვევაში დავადგინეთ ჭარბი ფასი, რომელიც იყო დაახლოებით 180-200%-ის ფარგლებში და შეტანილი იყო მედიკამენტის ღირებულებაში ისეთი ხარჯები, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო ამ მედიკამენტის რეალიზაციასთან. აღნიშნული ოთხი კომპანია დაჯარიმდა დაახლოებით 600 000-მდე ლარის მოცულობით. ორმა გაასაჩივრა სასამართლოში, ორი დაეთანხმა ჩვენს გადაწყვეტილებას, მათ შორის ერთს სრულად გადახდილი აქვს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული ქეისების მთავარი საკითხი იყო ის, რომ რიგი მედიკამენტები ძალიან მაღალი ფასნამატებით, იმპორტიდან მომხმარებლამდე დაახლოებით 300-დან 3000%-მდე ფასნამატით იყიდებოდა და ჩვენ სრული ანალიზის შედეგად დავუდგინეთ ოთხ კომპანიას შვიდი მედიკამენტის შემთხვევაში ჭარბი ფასი. რაც შეეხება ორი კომპანიის გასაჩივრებულ ნაწილს, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დავას სასამართლოში მათთან მიმართებით",- ამბობს ლექვინაძე.
მისივე თქმით, ჯერ არ დაწყებულა სასამართლო განხილვა კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაკისრებული ჯარიმის საკითხზეც, რომელიც სამივე კომპანიამ გაასაჩივრა:
- ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს - „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) - ჯარიმა 1 120 562 ლარი
- შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ს) - ჯარიმა 544 328 ლარი
- შპს „ელ.ბილეთებს“ [biletebi.ge] (მომჩივანი) - ჯარიმა 5 368 ლარი




























