მერიის მიერ თბილისის ცენტრალურ და მაღალი მობილობის უბნებში დიდი გამავლობის მანქანებისთვის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დილის და საღამოს საათებში იქნება აიკრძალება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც დაიშვება. 2024 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო განმეორებითი და ყოველი მომდევნო დარღვევა 3 000 ლარის ჯარიმით.
აღსანიშნია, რომ ცვლილება გავლენას იქონიებს ამ კატეგორიის სადისტრიბუციო მანქანებზეც, რომლებზეც შეზღუდვა 2024 წლის სექტემბრიდან გავრცელდება.
BM.GE დაინტერესდა ჩართული იყო თუ არა დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია რეგულირების დოკუმენტის მომზადებაში და ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტს ივა ჭყონიას მიმართა. GDBA-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცვლილებებზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო და მანამდე მერიასთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„მე ვაყენებ საკითხს, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან და რიტეილ სექტორთან შეხვედრა ცალკე უნდა მოხდეს, რადგან ეს შეზღუდვები სასურსათო კალათაზე, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. ეს ერთობლივად გასავლელი საკითხია, რომელსაც სიჩქარე არ სჭირდება. ამიტომ მზაობას გამოვთქვამთ, რომ ჩავერთოთ საკითხში. აქედან გამომდინარე წერილობით მივმართეთ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. იმედს ვიტოვებ პროცესში ჩაგვრთავენ და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ბიზნესი არ დაზარალდება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.