დისტრიბუტორები დიდგაბარიტებიანი მანქანების გადაადგილებაზე 1-ელი სექტემბრიდან დაგეგმილი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეზღუდვები კომპანიების ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე იმოქმედებს.
როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ხარჯების ზრდა მოუწევს როგორც დისტრიბუტორებს, ისე რითეილ სექტორს.
„აქ საუბარი არ არის მხოლოდ მარკეტებსა და ჰიპერმარკეტებზე, საუბარია ჰორეკა მიმართულებაზე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესზე, რომლის მომარაგებასაც უზრუნველყოფენ სადისტრიბუციო კომპანიები.17:00სთ-დან 20:00სთ-მდე არსებულ შეზღუდვაზე კომპანიები უკვე გადაეწყნენ და აქ პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ დილის საათის შეზღუდვა, შეუძლებელს გახდის ამ ტიპის პროდუქციის მიწოდებას.
ეს ეხება რითეილსაც, პროდუქციის მიმღებიც არ არსებობს ა დროს. მათ მოუწევთ ამ ნაწილში კადრის აყვანა, ასევე ბუღალტრული მომსახურების გაწევაც. თითოეულ ობიექტზე 2-3 კადრის დამატებას ნიშნავს და როცა რამდენიმე ათასს ობიექტზე ვსაუბრობთ, ეს უკვე დიდ ხარჯზე გადის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ხმაურიც, ღამე მომარაგება იწვევს ხმაურს და მოსახლეობის უკმაყოფილებას.
დილის 11სთ-ის შემდეგ რომ დავიწყოთ მიწოდება, იქამდე მომხმარებელს დახლზე არ დახვდება ისეთი პროდუქტები რომელიც მიდის დილას, იქნება ეს პური, კვერცხი თუ სხვა ფრეშ პროდუქტი.
ერთი გაბარიტული სატრანსპორტო საშუალების მაგივრად, კომპანიას მოუწევს მისი ჩანაცვლება 2-3 მცირე ზომის საშუალებით. ამ ორი სამი საშუალების გარდა, რომლის შეძენასაც თანხა სჭირდება, ეს არის საწვავის ხარჯი, დამატებით თანამშრომლის აყვანის ხარჯი.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს საცობების განტვირთვას მისასალმებელია, მაგრამ ეს პრობლემას არ მოხსნის, ეს ტრაფიკს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ფიზიკურად სხვა რაოდენობის მანქანები გაჩნდება. საბოლოოდ ეს ისახება ფასზე რაც ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელზე. ფასის ზრდა არავის მიზანს არ წარმოადგენს.
მერიას წარვუდგინეთ ჩვენი დასაბუთებული პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ სატრანსპორტო სააგენტოსგან მივიღებთ თანხმობას. იმედია მიმდინარე თვის ბოლოს ეს გადაწყვეტილება გვექნება რადგან იმდენად მცირე დრო რჩება, რომ ფიზიკურად გაჭირდება ჩანაცვლების პროცესი,“ - განაცხადა რიჟამაძემ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზარდა.
კერძოდ, შეზღუდვა ძალაშია M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში. აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია.
დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3000 ლარით.