მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GDP-ის დატაში რაღაცა ფუნდამენტურად არასწორი, ანომალიური და სახიფათო ხდება - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

საქართველოს ეკონომიკაში განათლებისა და საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (ICT) სექტორების წილი 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 16.7%-ს შეადგენს – შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

მონაცემებს სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ვრცელი პოსტით ეხმიანება. მისი შეფასებით, მაჩვენებელი მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ის რეალობას აცდენილია და მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტებში არსებულ სისტემურ ხარვეზზე მეტყველებს.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეროვნული სტატისტიკის მონაცემების გამოყენება სტრატეგიული დაგეგმარებისთვის და ეკონომიკური ანალიზისთვის სულ უფრო რთული ხდება.

მისი თქმით, ეს მონაცემი მეტი კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს იძლევა.

"რთული პერიოდი გვიდგას საქართველოში. ყველანი ვნერვიულობთ. ძალიან ბევრი რამე არ მოგვწონს და ხანდახან ფრუსტრაცია გვემართება. რაღაც მომენტში, საკუთარ თავს ვეკითხებით, ოკეი, თუ ასეთი საქართველო არ მოგვწონს, როგორი გვინდა რომ გახდეს ის.

ბევრი, სამართლიანად საუბრობს, რომ მთავარია კანონის უზენაესობა დამყარდეს და მმართველობის სისტემა გახდეს დემოკრატიული.

ეკონომისტის (და არა მხოლოდ) პერსპექტივიდან, დამატებით, სასურველია, რომ განათლებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა გვქონდეს.

მგონი, ამაზეც, წესით არავინ არ უნდა დაობდეს.

ასევე, ინტუიტიურად, არავინ (თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერი) არ დაობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში განათლების დონე დაბალია და ტექნოლოგიურადაც, წესით, ჯერ ვერ შევედრებით განვითარებულ ქვეყნებს (როგორიცაა, მაგ. აშშ, სინგაპური, ესტონეთი, ფინეთი და ასე შემდეგ).

ოკეი, მაშინ, ეს უნდა გახდეს ჩვენი განვითარების ხედვა/მიზანი და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი.

მაშინ, შემდეგი კითხვაა, როგორ შევაფასოთ, ახლა სად ვართ ამ მიმართულებით, რომ შემდეგ სწორი მიზნები დავისახოთ?

წესით, უნდა შეხედო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (GDP-ში) განათლების და ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სფეროების წილებს და მიხვდები, სად ხარ და რამდენი გაქვს „ამოსაქაჩი“, რომ მოწინავე ქვეყნებს დაეწიო.

ანუ, თუ განათლებას დიდი წილი უკავია შენს ეკონომიკაში, ესეიგი ე.წ. ცოდნის ეკონომიკა მყარად არის შენი ეკონომიკის ნაწილი; პლიუს, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) წილი არის მაღალი, ესეიგი ამ მხრივაც, ქვეყანა ციფრული ტრანსფორმაციის რთულ პროცესს წარმატებით ართმევს თავს.

ვიფიქრე, მოდი, ჯერ, შევხედოთ მსოფლიო ოცეულს (ჩატ ჯიპიტის ვთხოვე დაეჯამებნინა ეს ორი ცვლადი GDP-ში და შესაბამისი რენკინგი მოემზადებინა). რა თქმა უნდა, მიუხედავად ე.წ. deep research-ისა, ბოლომდე სანდო ვერ იქნება მონაცემები და შესაძლოა, ხარვეზებს შეიცავდეს. მარა, წესით, ზოგადი სურათი სწორად უნდა დაგანახოს. (ამავე დროს, უნდა ავღნიშნო, რომ მონაცემები, ძირითადად 2021-2023 წლების ამოიღო ჩატ ჯიპიტიმ, რაც სწორია, რადგან იმისათვის რომ ზუსტი მონაცემები დაიდოს ე.წ. ეროვნული ანგარიშების ინფორმაცია უნდა დაჯამდეს, რასაც საკმაო დრო სჭირდება და ამიტომ, როგორც წესი, დაგვიანებით ქვეყნდება.)

პირველია ათეულია შემდეგი გამოვიდა: ირლანდია, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, მალტა, ისრაელი, აშშ, ფინეთი, შვედეთი, დანია და ლატვია.

ირლანდია აშკარა აუთლაიერი 38,8%-ით; მეორე ადგილზე კვიპროსია 16,6%-ით; მესამე მყოფ სამხრეთ კორეას 15,5% აქვს წილი gdp-ში, ხოლო მაგ. მე-10 არის ლატვია - 11,5%-ით.

ოცეულსაც რომ შეხედო მაგ. ესტონეთი გვხვდება მე-12 ადგილზე (11%), სინგაპური მე-14 ადგილზე (10%), ნორვეგია მე-17 ადგილზე (9,7%) და შვეიცარია მე-20 ადგილზე (9,3%).

მოკლედ, ღირსეული სიაა და ამ რენკინგის შემხედვარე, ინტუიტიურად ხვდები, რომ ის კარგად გადმოსცემს ქვეყნის განვითარებულობის ხარისხს. და ვიფიქრე, რა მაგარი იქნება, როდესმე თუ ამ სიაში მოვხვდებითთქო.

ახლა, საქართველოს დავუბრუნდეთ. სად არის საქართველო 2025 წლის მდგომარეობით?

სადღაც 10 დღის წინ ჯეოსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2025 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ (ამ ფაილში ბევრი საინტერესო დეტალია, რომელზეც მომავალში შეიძლება ყურადღების გამახვილება).

ახლა, ამ თემას დავუბრუნდეთ და შევხედოთ, პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა სად იქნებოდა ამ რენკინგში; ახლოს ვიქნებოდით 20-თან? რამდენი იქნებოდა თუნდაც მე-20 ადგილზე მყოფ შვეიცარიასთან ჩამორჩენა?

რა შედეგებს ვიღებთ?

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში, 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით (იხილეთ სურათი), განათლების (7,2%) და ინფორმაცია და კომუნიკაციების (9,5%) ერთობლიცი წილი 16,7%-ს შეადგენს!!!

ანუ, თუ ამ რენკინგს შევედრებით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გამოვდივართ ირლანდიის შემდეგ GDP-ში განათლებისა და ICT ერთობლივი წილის მიხედვით!!!

(იმ დათქმით, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ეს წილები მნიშვნელოვნად არ შეიცვალა უკანასკნელ 2 წელიწადში)

ანუ, გამოდის, რომ უკვე იქ ვყოფილვართ, სადაც მინდოდა რომ როდესმე ახლო მომავალში აღმოვჩენილიყავით.

  • თუ ეს მართლა ხდება, მაშინ, ბოლო 5 წელიწადში მსოფლიოში სტრუქტური (და ციფრული) ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქეისის მოწმეები ვართ საქართველოში, რადგან:
  • 2019 წელს ეს მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იყო 7,4% (ინფორმაცია და კომუნიკაცია 3% და განათლება - 4,4%);
  • 2022 წელს, ეს მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკით იყო 9,4% (ინფრომაცია და კომუნიკაცია - 5% და განათლება - 4,4%);
  • 2024-ში - 12,1% (ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6,4% და განათლება - 5,7%);
  • წელს, კი, საერთოდ, აბსოლიტური ბუმი უნდა გვქონდეს განათლებისა და ICT-ში, რადგან, მაჩვენებელმა 16,7%-ს მიაღწია (ინფორმაცია და კომუნიკაცია - 9,5% და განათლება - 7,2%).

აუ, როგორ მინდა, ეს ეს სურათი ფუნდამენტურ ფაქტორებს ეფუძნებოდეს, სანდო და მდგრადი იყოს.

მარა, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, ერთადერთი დასკნა, რისი გამოტანაც შემიძლია, არის, რომ gdp-ის დატაში რაღაცა ფუნდამენტურად არასწორი, ანომალიური და სახიფათო ხდება; და თუ გინდა საქართველოს რეალური ეკონომიკა შეაფასო და შესაბამისი დასკნები გააკეთო, gdp-ის მონაცემების გამოყენებამ და მერე მასზე საუბარმა, მგონი, უკვე საბოლოოდ დაკარგა აზრი.

(წარმოიდგინეთ, ქართული ოცნებაც კი არ ლაპარაკობს ამ მიღწევებზე და მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საერთო ტემპის ხსენებით შემოიფარგლება, იმდენად აბსურდულია ის).

რაც შეეხება საქართველოს ნათელ მომავალს, მგონია, რომ მიზნები იგივე უნდა დარჩეს, უბრალოდ, გასაზომი ინდიკატორები გვექნება თავიდან მოსაფიქრებელი", - წერს ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები