ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი GE Vernova მაღალი ძაბვის ქსელური აღჭურვილობის მწარმოებელ Trench Group-ს $9 მილიარდად შეისყიდის.
გარიგება მიზნად GE Vernova-ს ელექტრიფიკაციის ბიზნესის გაფართოებას ისახავს. ამასთან, შენაძენი კომპანიის ელექტროგადამცემი სისტემების ინტეგრაციისა და ენერგიის გადაცემის მიმართულებებს პირდაპირ გააძლიერებს. ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ნაბიჯით კომპანია მოძველებული ქსელური ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ცენტრებისა და ინდუსტრიული ელექტრიფიკაციის მხრიდან მზარდ მოთხოვნას უკეთესად დააკმაყოფილებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Trench Group-ს ამჟამად $5 მილიარდის მოცულობის შეკვეთები და ხელშეკრულებები აქვს. GE Vernova-ს გენერალური დირექტორის, სკოტ სტრაზიკის განცხადებით, დასახელებული კონტრაქტების ნაწილი მომდევნო ათწლეულზეც ვრცელდება და GE მაქსიმალურად შეეცდება ამ ტიპის კონტრაქტების გაფართოებას.
ცნობისთვის, გლობალურ ბაზარზე მომუშავე Trench Group-ი 800-ზე მეტ კომუნალურ საწარმოს ემსახურება. მსოფლიოს მასშტაბით კომპანია ფლობს 11 საწარმოო ობიექტს, სადაც 3,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
GE-ის განცხადებით, მარეგულირებლის მხრიდან დასტურის გაცემის შემდეგ, გარიგება 2027 წელს დასრულდება.
























