ბენზინგასამართი სადგურები უხარისხო საწვავის რეალიზაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა 100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურში დიზელის და ბენზინის საწვავის სტანდარტებთან შეუსაბამობა დაადგინა. დიზელის საწვავის 80 ნიმუშიდან 25-ში, ბენზინის 20 სინჯიდან კი 3-ში დარღვეული იყო რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის გოგირდის შემცველობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებული კომპანიების ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.
ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის ხარისხობრივი კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. როგორც ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან აცხადებს, არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორები საწვავში ურევენ დაბალი ხარისხის საწვავს, ასევე ე.წ ეთილს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. მისი თქმით, წლებია პრობლემაა ქსელებში კონტრაბანდული გზით შემოტანილი საწვავის რეალიზაციაც.
„ევრო 5 რატომ მივიღეთ?! უკაცრავად და კითხვას ვსვამ! თუ ასეთი აღვირახსნილობა უნდა იყოს შიდა ბაზარზე, მაშინ რატომ მივიღეთ ევრო 5?! ამას კონტროლი უნდა. აკონტროლეთ, კეთილი ინებეთ! მივესალმებით გარემოსდაცვით დეპარტამენტს. რაშიც ვიქნებით საჭირო, გვერდით დავუდგებით. ეს ამბავი დიდი ხანია ვიცით. ასევე მიხედონ კონტრაბანდას.
ძირითადი შემრევი ნივთიერებები არის პირველ რიგში ისევ ცუდი და დაბალი კატეგორიის ბენზინი. სპირტი, ეთილი, ე.წ ქიმიკატები, რომელიც მოდის ჩინეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან. თუ გავშიფრავთ რა ქიმიკატები გამოიყენება, ეს ისეთი ქიმიკატებია, რომელიც ძალიან იაფი ღირს, იხმარება სხვადასხვა წარმოებებში, მაგალითად საღებავის წარმოებაში.
ამით ხომ მთელი სექტორი ილანძღება?! მაპატიეთ მაგრამ ასეა. უფრო მკაცრი უნდა იყოს კონტროლი. ეს არის ნავთობიმპორტიორთა კავშირის პოზიცია. არავის არაფერი უნდა ეპატიოს. უხარისხო რატომ უნდა ჩავასხათ, როცა ფულს ვიხდით ამაში?! სად ვართ ამდენი ხანი?! აქამდე არ აკეთებდნენ?!“,-აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
დიზელი და ბენზინი საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის. 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველომ 736 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი იყიდა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
დიზელის და ბენზინის იმპორტი ( 2023 წელი):
რუსეთი- 736,1 ათასი ტონა - 60,9%
რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა - 14,9%
ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა - 8,9%;
აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა - 7%;
თურქმენეთი - 29,3 ათასი ტონა - 2,4%;
ჯამში გასულ წელს საქართველოში 1208,9 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 58,6 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.