"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო უნდა იყოს, რომელი კომპანიები ყიდიან უხარისხო საწვავს.
როგორც მან მედიაცენტრ "კვირის" პრესკლუბში საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რომელი კომპანიები დააჯარიმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. იობაშვილის თქმით, მოცულობის გაზრდის მიზნით, საწვავში ურევენ დაბალი ხარისხის ბენზინს, ე.წ ეთილს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.
„თუ არ გავაკონტროლეთ, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. უკონტროლობა ქვეყნის დამღუპველია. მათ კომპანიები არ დაასახელეს, რასაც პირიქით, მე მოვითხოვდი, დაასახელონ კომპანიები და მომხმარებელმა იცოდეს. შემოტანილი საწვავი გააბევრა, დაუმალა სახელმწიფოს, მოატყუა მომხმარებელი, ესაა კრიმინალი, პასუხი უნდა აგოს. ამას სახელმწიფომ თუ არ შეუშალა ხელი, სავალალო სიტუაციებამდე მივალთ. ჯერ კიდევ ველი, რომ გამჟღავნდება კომპანიები“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.
საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგების მიხედვით, 100 სინჯიდან დარღვევა 28 შემთხვევაში გამოვლინდა. ბენზინგასამართი სადგურები, უხარისხო საწვავის რეალიზაციისთვის, 2 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებული კომპანიების ვინაობა კონფიდენციალურია.