მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾38 მლნ-ით დაფინანსებული 200 სტარტაპი - GITA-ს 10-წლიანი საქმიანობის შედეგები

ჯიტა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 10 წლისაა.

დღეს გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე, GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს განვითარების ათწლიან პერიოდსა და საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსებამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა. დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომლებიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს მათ კომერციალიზაციაში ეხმარება. ამასთან, საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში 80 პროექტი დაფინანსდა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება - GITA-ს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა „500 Global“, რომელიც საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპების მონაწილეობით. ამასთან, საქართველოში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%-იანი თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი.

ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, შეიქმნა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. მას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები