"თიბისი ბანკი" აქციონერებისთვის 2024 წლის საბოლოო დივიდენდის გადასახდელად ემზადება.
ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC PLC) დირექტორთა საბჭო აქციონერებს დასამტკიცებლად სთავაზობს და რეკომენდაციას უწევს საბოლოო დივიდენდს 2024 წლისთვის 5.55 ლარის ოდენობით თითო აქციაზე.
დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო დივიდენდის გაცემა 11 ივლისს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს გადახდილ აქციაზე 2.55 ლარის შუალედურ დივიდენდთან ერთად, ჯამური დივიდენდი 8.10 ლარს გაუტოლდება, რაც წლიურად 12%-იანი მატებაა.
ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად "თიბისი ბანკის ჯგუფის" ერთი აქცია 40.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28.87%-ით გაიზარდა.




























