მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾800 000-ის უძრავი ქონება საჩუქრად დედისგან|რას ფლობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი?

ზურაბ გოზალიშვილი

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინა. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მან დედისგან ჩუქებით ორი უძრავი ქონება მიიღო, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 800 000 ლარია. კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 8 აპრილს ზურაბ გოზალიშვილმა ჩუქებით მიიღო 1 318 კვ.მ მიწის ნაკვეთი წავკისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, ასევე 35.07%-იანი წილი 387 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინაში თბილისში, არსენას ქუჩაზე. ორივე ქონება უსასყიდლოდ გადაეცა.

ცნობისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე გოზალიშვილი გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც გიორგი დარჩიამ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

გოზალიშვილი ასევე ფლობს:

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე 284 კვ.მ მიწის ნაკვეთის 20.07%-იან წილს, რომელიც 2006 წელს 9 000 აშშ დოლარად შეიძინა;
  • 2024 წელს 249 000 აშშ დოლარად შეძენილ 147.2 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, კრწანისში, რომლის შემთხვევაში გაფორმებულია წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება.

დეკლარაციის მიხედვით, მისმა მეუღლემ, ნინო აბესაძემ, 2024 წელს 112 000 აშშ დოლარად შეიძინა 57.3 კვ.მ ბინა თბილისში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე, ასევე 2025 წლის იანვარში 80 000 ევროდ იყიდა 2024 წლის გამოშვების BMW X6.

საბანკო ანგარიშებზე ზურაბ გოზალიშვილს და მის მეუღლეს შემდეგი დანაზოგები აქვთ:

  • ზურაბ გოზალიშვილს – 60 000 აშშ დოლარის, 60 000 ლარისა და 142 722 ლარის დეპოზიტები, ასევე სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე ანგარიშები;
  • ნინო აბესაძეს – 60 000 აშშ დოლარის ანაბარი და ლარში, დოლარსა და ევროში არსებული ანგარიშები.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ გოზალიშვილს ნაღდი სახით 55 000 აშშ დოლარი აქვს.

სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში გოზალიშვილი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორის:

  • „აუტო ფართს საფლაი“ – 60%;
  • „სეიფ ფროუზენ ფუდ-საქართველო“ – 100%;
  • „ქავთარაძის 19“ – 25%;
  • „პანემი“ – 20%;
  • „ქროსროუდ თრეიდინგი“ – 20%. ამასთან, რამდენიმე კომპანიაში დირექტორის პოზიციასაც იკავებს, თუმცა მათი ნაწილი დეკლარაციის მიხედვით არ ფუნქციონირებს ან საქმიანობა შეჩერებული აქვს.

შემოსავლების ნაწილში დეკლარაციაში მითითებულია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2025 წლის დეკემბერში მიღებულმა ანაზღაურებამ 7 349 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს ნინო აბესაძემ 80 000 ევროდ შეიძინა ავტომობილი, ხოლო მოგვიანებით მისი გაყიდვიდან 47 500 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში ზურაბ გოზალიშვილმა „საქართველოს ბანკიდან“ დეპოზიტით უზრუნველყოფილი სამი სესხი აიღო – ჯამში 40 000 აშშ დოლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები