მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გემოვანი" „მზეთამზეს“ პურის წარმოებას პაუზის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად განაახლებს

მზეთამზე

კომპანია "გემოვანი" „მზეთამზეს“ პურის წარმოებას მცირე პაუზის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად განაახლებს.

"მზეთამზეს" პური ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და კომპანია "გემოვანი" საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებულ პირველადი მოხმარების პროდუქტს დღიურად 1000 ცალის ოდენობით აწარმოებდა.

კომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, წარმოება სატესტო რეჟიმში იმართებოდა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პარტნიორებთან, კერძოდ კომპანია "სიმთან" ერთად წარმადობის გაზრდა და გაფართოება გადაწყვიტეს.

"გემოვანის" დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აკონკრეტებს, რომ თავად კომპანია პურის მწარმოებელი აღარ იქნება და სექტემბრიდან მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, 9-წლიანი ექსპერიმენტებისა და წარმოების შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პურის წარმოება, სხვა საწარმოს მიანდოს, რომელიც პურს „მზეთამზეს“ ტექნოლოგიითა და ხარისხით გამოაცხობს.

„2015 წელს, პურის წარმოება დავიწყეთ იმისათვის, რომ გაგვეგო რას ნიშნავს ქართული ჯიშის ბიო პროდუქტები და მერე შეგვექმნა სანდო ხარისხის ნიშანი, რომელიც ბაზარზე სხვა პროდუქტებს გამოარჩევდა. ამისათვის, ხელი პურის წარმოებას მოვკიდეთ. 9 წლის განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტი გავაკეთეთ. ექსპერიმენტი წარმატებულად მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვაცხადეთ და ამავე პერიოდში მწარმოებელი კომპანია ვიპოვეთ, რომელსაც 32-წლიანი წარმოების გამოცდილება აქვს. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ცოდნაზე დაყრდნობით, კომპანია პურის წარმოების რეჟიმს შეცვლიდა, რისი გაკეთებაც პირველ საპილოტე პერიოდში გაგვიჭირდა და მთელი ძალისხმევა ამ საწარმოსთან მუშაობას მოხმარდა. შესაბამისად, ვაწარმოებდით ცოტას და მაღაზიებშიც ამიტომ გვქონდა მცირე დაფარვა. ჩვენ მათ საწარმოში დავიწყეთ პურის წარმოება.

საერთო ჯამში დავიტოვეთ ბრენდი, ადგილები თაროებზე და წარმოება გარეთ გავიტანეთ, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს მექანიზმი, რითაც წარმოების ხარისხს ვაკონტროლებთ. ხარისხის კონტროლი ნიშნავს იმას, რომ ნედლეული უნდა იყოს აუცილებლად ადგილობრივი, ქიმიური დანამატების გარეშე და მისი წარმოების ტექნოლოგია უნდა იყოს მაჭრის საფუარზე“, - აცხადებს ჩავლეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საწყის ეტაპზე, ბაზრის 10%-ს ათვისება იგეგმებოდა, რაც დღეში დაახლოებით 10 000 პურის ცხობას გულისხმობს. ამისთვის კი, დიდი ქარხნის აშენება მოიაზრებოდა. თუმცა პროექტის განხორციელების ეტაპზე, კომპანიამ გეგმები შეეცვალა და ერთი დიდი საწარმოს მაგივრად, ბევრი პატარა საწარმოს სხვადასხვა ადგილზე განთავსება გადაწყდა, რომელთა დღიური წარმოება 5000 პურს არ გადააჭარბებდა, რადგან პურს ხარისხი არ დაკარგულიყო.

„ჩვენ არ გვინდა, რომ პირობა დავარღვიოთ. გვინდა, ჩვენი პური ისევე სასარგებლო იყოს, როგორც ადრე. ამიტომ, ამ გზამ გვაჩვენა, რომ ერთი დიდი საწარმო კი არა, სჯობს ბევრი პატარა საწარმო გვქონდეს, რითაც საქართველოში ბაზრის დეცენტრალიზაციას მოვახდენთ. ეს საწარმო არის საპილოტე, მაგრამ ვაპირებთ მინიმუმ 10 ასეთი საწარმო გვქონდეს, სადაც ამ ტექნოლოგიას დავნერგავთ. საწარმოებს დავაკავშირებთ წისქვილებს, რომლებიც ასეთ ნედლეულს აწარმოებენ, რომ მათ ხელი რეალიზაციაში შევუწყოთ.

აიპ-მა ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო. პირველ ექვს თვეში ვფიქრობთ, რომ პურის მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დავდებთ“,- აცხადებს ჩავლეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები