ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ.
ამის შესახებ არველაძემ აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის ენდრიუ ლაითთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) რიგით მე-5 მინისტერიალში ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ ფორუმში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევის საფუძველზე მონაწილეობს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის, ერთობლივი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, ენერგეტიკული გარდაქმნისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები.
"გენადი არველაძემ ენდრიუ ლაითს მადლობა გადაუხადა აშშ - ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, 2023 წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ - ის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ", - წერია ინფორმაციაში.
გენადი არველაძე არაა პირველი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ვისაც იმედი აქვს, რომ "რუსული კანონის" გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება. "გაუგებრობის" მალე აღმოფხვრის იმედი აქვს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძესაც.
გიორგი კაკაურიძე იმედოვნებს, რომ EU-თან "გაუგებრობა" აღმოიფხვრება
თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და EU-ის სხვა ლიდერებმა ღიად თქვეს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. "ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკანსვლაა ცხრა ნაბიჯისგან და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან", - თქვა ელჩმა.
საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.