მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხების რესურსი ბევრგან გვაქვს" - გიორგი კაკაურიძე იმედოვნებს, რომ EU-თან "გაუგებრობა" აღმოიფხვრება

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე დონორების მხრიდან ამ დროისთვის დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების შეჩერებას არ ელოდება და იმედოვნებს, რომ სანამ ახალი პროექტები დაიწყება, "გაუგებრობა" აღმოიფხვრება.

კითხვაზე - ხომ არ გაგვიჭირდება დახმარებების გარეშე და ხომ არ გახდება საჭირო ბიუჯეტის კორექტირება, გიორგი კაკაურიძე პასუხობს, რომ „არა“.

„ძალიან მარტივად, დღეს გამოვიტანეთ [პარლამენტში] კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ წლევანდელ 100 მლნ ევროს, არამედ მომდევნო წლების ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარი თემა არ არის რესურსის მიღება, ვინაიდან სესხების რესურსი გვაქვს ბევრგან და ბევრი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც ამ სესხების ფარგლებში ხორციელდება, ის ცოდნა, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ხორციელდება და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტები გაგრძელდება, არ შეჩერდება. რაც უკვე შეთანხმებული და ხელმოწერილი დოკუმენტებია, მათი გაჩერების მოლოდინი არ მაქვს და არ იქნება. რაც შეეხება ახალ პროექტებს, რაც 3-4 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს, ასეთ შემთხვევებში შევხედოთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს გაუგებრობა ძალიან მალე აღმოიფხვრება და ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო მანამდე“, - განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რაც ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გადადგა.

EPF-დან საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მაისში მიიღო. თავდაპირველი გეგმით, თანხა 3-წლიან პერიოდს დაფარავდა და მოხმარდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური მომზადების ჩათვლით. უფრო დეტალურად, მოიაზრებოდა საინჟინრო, ბრძანება-კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები