მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გენერალურ პროკურორს ახალი მოადგილე ჰყავს - თანამდებობაზე გიგა ძნელაძე დაინიშნა

გიგა ძნელაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა — ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ძნელაძე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა პროკურატურის იმ სტრუქტურას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს.

პროკურატურის ცნობით, გიგა ძნელაძემ კარიერა 2007 წელს თბილისის ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად დაიწყო. შემდეგ ის სხვადასხვა დროს იკავებდა სიღნაღის, თელავისა და გურჯაანის რაიონული პროკურატურების პროკურორის მოადგილის თანამდებობებს.

მოგვიანებით ის სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის ფინანსთა სამინისტროში, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებში საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობდა.

„საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ახალ მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, პროკურატურის გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა“, — აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყოფილი გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პოსტი დატოვა მოადგილე გიორგი ბადაშვილმაც.

ახლა კი, ახალ გენპროკურორს, გიორგი გვარაკიძეს 4 მოადგილე ჰყავს: ახლად დანიშნული გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი, ზურაბ ბელთაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები