მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

George Grey Winery საექსპორტო ბაზრებს აფართოებს - კომპანია კანადაში ლიცენზიის მიღებაზე მუშაობს

63b52a11c853f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.23 23:37
1015
გაზრდილი წარმოება, ღვინისა და ლიქიორის ახალი სახეობები, გაფართოებული საექსპორტო ბაზრები - ასეთი იყო ღვინის მცირე მეურნეობა George Grey Winery-ს 2022 წელი. კომპანიის მიერ გასულ წელს მიღწეულ შედეგებს BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე აფასებს.

„საკმაოდ დადებითი და კარგი წელი იყო. ღვინის გაყიდვების დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა. წლის განმავლობაში ბაზარზე 10 სახეობის ღვინოს წარმოვადგენდით - ქვევრის რქაწითელი, ქისი, მწვანე, გრეისეული, რომელიც ბუდეშური საფერავის, თავკვერის და შავკაპიტოს სეპაჟირებისგან მზადდება, ასევე საფერავი, ქინძმარაული, ცისფერი და მწვანე შეფერილობის ღვინო. მნიშვნელოვანი წელი იყო იმ მხრივ, რომ კომპანია „ორნამენტთან“ ერთად კოლაბორაციით განვაგრძეთ ლიქიორის წარმოება, რომელიც ჩვენივე ღვინისგან მზადდება“, - ამბობს გიორგი რუხაძე.

George Grey Winery-მ 2022 წელს დაახლოებით 50 000 ბოთლი ღვინო აწარმოა, წელს კი საწარმოო მოცულობები 20-30%-ით გაზარდა. „ღვინოზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ზაფხულში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები კარგი ტემპით მიდიოდა. ზამთრის პერიოდი თბილისში მცირე ღვინის ბუტიკებისთვის რთულია, შესაბამისად მეღვინეობების საკმაოდ დიდი დავალიანებები აქვთ“, - აღნიშნა რუხაძე.

რაც შეეხება ექსპორტს, George Grey Winery-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მცირე მეურნეობის წარმოების 70% ექსპორტზე იყო მიმართული. მისივე ინფორმაციით, 2022 წელს სარეალიზაციო ქვეყნებს ახალი ბაზრებიც დაემატა.

აშშ-ს, ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, აშშ, ლიხტენშტეინის შემდეგ გრეის მეღვინეობამ ღვინის გატანა უზბეკეთში შეძლო და ამავე დროს სხვა ბაზრების ასათვისებლად რიგ შემთხვევაში მოლაპარაკებები უკვე დაასრულა.

„წელს აშშ-დან მეორე დიდი შეკვეთა განხორციელდა ამ მიმართულებით. ლიქიორები, მწვანე შეფერილობის და გრეისეული გავაგზავნეთ, რომლის სახელი ამერიკული ბაზრისთვის „ვახტანგ გრეისეულია“. ეს ჩვენი პარტნიორების სურვილი იყო. გვინდოდა ვახტანგ გორგასლის ისტორია გაგვეცოცხლებინა და ამერიკის კონტინენტზე ჩაგვეტანა. სწორედ ამიტომ ვახტანგ გორგასლის შესახებ ეტიკეტზე მცირე ისტორიული ცნობებიც დავიტანეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უზბეკური ბაზარზე გასვლაც. გასულ წელს უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის ხელშეწყობით George Grey Winery-ს ღვინოები უზბეკეთის ბაზარზე ფართო პორტფელით შევიდა და დღეს იქ თითქმის ყველა ღვინოა ხელმისაწვდომი.

სიახლე გვაქვს ისიც, რომ სულ მალე ჩვენი ღვინოები ტაჯიკეთის ბაზარზე შევა. ამ მხრივ მოლაპარაკებები დასრულებულია და პირველი პარტიები მალე გაიგზავნება. ამასთან ჩვენი ღვინო იტალიასა და კორეაში გამართულ გამოფენებზე წარვადგინეთ. იტალიაში „გრეისეულმა“ და ფერადმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. კორეაში კი ღვინის რეალიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მიმართულებითაც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აღნიშნავს გიორგი რუხაძე.

მეღვინის თქმით, 2023 წელს კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამეთუ George Grey Winery ერთ-ერთ დიდ ბაზარზე - კანადაში ღვინის გატანის ლიცენზიის მიღებაზე მუშაობს. გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ ეს მეღვინეობისთვის მეათე საექსპორტო ქვეყანა იქნება, სადაც ლიცენზიის აღების შემთხვევაში ამ მიმართულებით არამხოლოდ გრეის ღვინოების, არამედ ქვეყანაში მოქმედი მაღალი ხარისხის ღვინის მეწარმეების პროდუქტის გატანასაც შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები