2022 წელი საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022-ში საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. ეს მეორე შემთხვევაა დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქსტატის თანახმად, საქართველოს ორნიშნა ზრდა სულ ხუთჯერ ჰქონდა. მათ შორის ყველაზე მაღალი - 12.57%-იანი ზრდა საქართველოს 2007 წელს ჰქონდა, რაც მაშინ ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდებოდა.
ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს 1996-1997 წლებში ჰქონდა, რაც მაშინ ეკონომიკის შედარებით სტაბილიზაციას უკავშირდებოდა.
2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რუსი მიგრანტების შემოდინება და მათი ფულადი გზავნილები იყო. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის საუბარი. მაღალი ზრდის პარალელურად, გასულ წელს ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაც იყო, რის გამოც ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე 11%-მდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობა მომდევნო წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკი კი 4%-იან ზრდას მოელის.