მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში

6499a93d6edce
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 19:30
4901
კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ სომხეთში ნარჩუნდება - სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აპრილში ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორმა 12.1% შეადგინა.

სომხეთში წელს არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ექსპორტი განაპირობებს. აპრილის განმავლობაში ქვეყნიდან 536 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81%-ით მეტია. მათ შორის სომხეთის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტმა აპრილში 271 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185%-ით მეტია.

ასევე, 85%-ით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც აპრილის განმავლობაში 949 მილიონი დოლარი შეადგინა.

სომხეთში აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, 2023 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 49.6 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია.

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა, ხოლო არა-სანავთობო სექტორში ზრდამ 4% შეადგინა.

სექტორების მიხედვით, აზერბაიჯანის ეკონომიკის შემადგენლობა ასეთია:

წარმოება - 45.5%;
ვაჭრობა - 9.1%;
მშენებლობა - 4.5%;
სოფლის მეურნეობა - 3.6%;
კომუნიკაციები - 1.6%;
სხვა სექტორები - 17.9%.

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის 5 თვეში ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 4,890 მანათი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები