სომხეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 4 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 13.2% შეადგინა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალ ზრდას წარმოადგენდა.
სტატისტიკის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ექსპორტის 6 მილიარდ დოლარამდე მატება იყო, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 180%-ით აღემატებოდა. ამასთან, სომხეთში იმპორტის მოცულობა 7.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (110%).
კონკრეტული თვეების მიხედვით, სომხეთში ყველაზე მაღალი 15.3%-იანი ზრდა მარტში აღინიშნა, ხოლო ყველაზე დაბალი 10.8% იანვარში.
საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის 4 თვეში 9%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს ექსპორტმა 1.76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტის ზომა 0.3%-ით, 4.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, საქართველოში ყველაზე მაღალი 11.8%-იანი ზრდა სწორედ აპრილში დაფიქსირდა.
აზერბაიჯანი - 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 4 თვეში
აზერბაიჯანის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამჟამად არასანავთობო სექტორია, რომელშიც ზრდა 7.7%-ს შეადგენდა.
მთლიანობაში 2024 წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზომამ 38.2 მილიარდი მანათი შეადგინა.