პირველი სცენარით, რომელიც პრობლემის დროულ გადაჭრას ითვალისწინებს, რუსეთზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით შემცირდება. კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე, გადახდის პრობლემების დროული მოგვარების შემთხვევაში, ექსპორტი ამ ბაზარზე 38%-ით შემცირდება.
რაც შეეხება უკრაინას, აქ ღვინის ექსპორტის განახლებას წლის ბოლოდან არ ვარაუდობენ, ეს კი საქართველოსთვის უკრაინაში წლიური ექსპორტის 90%-იან ვარდნას გამოიწვევს. კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენები პირველი სცენარით განვითარდება საქართველოს $87 მილიონის ღირებულების ღვინო გაუყიდავი დარჩება.
მეორე სცენარით, რომელიც პრობლემის უფრო დაგვიანებით გადაჭრას ითვალისწინებს, ქვეყანაში მთლიანი ექსპორტი 44%-ით შემცირდება. ამ სცემარით, რუსეთში გადახდის პრობლემების მოუგვარებლობის გამო საქართველოდან ექსპორტი 55%-ით შემცირდება. უკრაინაში ორივე სცენარით ერთნაირი ტენდენცია შენარჩუნდება, სხვა დანარჩენ ქვეყნებში კი ექსპორტს 14%-იან შემცირებას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება გაუყიდავი ღვინის მოცულობას, აქ ეს რიცხვი $116 მლნ-ს მიაღწევს.
"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში ისიც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, 2022 წელს ღვინის ინდუსტრიას დაბალანსებულ ზრდა ექნებოდა. მათი ვარაუდით, ღვინის ექსპორტი 2021-თან შედარებით ჯამში 11%-ით, რუსეთში 10%-ით, ხოლო უკრაინაში 9%-ით გაიზრდებოდა.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველომ რუსეთში $130 მლნ-ის, უკრაინაში კი $23 მლნ-ის ღირებულების ღვინო გაყიდა. სხვა ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $81 მლნ შეადგინა.