გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. 1,000-მდე რესპონდენტს დაუსვეს კითხვა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი პრეზიდენტ ტრამპსა და მის პოლიტიკაზე, მათ შორის, გერმანიის მიმართ. გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ ტრამპი გერმანიისთვის საფრთხეს ქმნის. მხოლოდ 24%-მა თქვა, რომ აშშ-ის ლიდერი კვლავ ქვეყნის მოკავშირედ რჩება. როგორც ირკვევა, გერმანელი მოსახლეობის უმრავლესობის უკმაყოფილებას გრენლანდიის მიმართ შტატების პრეზიდენტის პოზიცია იწვევს.
Bild-მა რესპონდენტებს ასევე ჰკითხა, თუ რა საპასუხო ნაბიჯის გადადგმას მოელიან ოფიციალური ბერლინისაგან. გამოკითხულთა 52%-მა კანცლერ ფრიდრიხ მერცს მოუწოდა, ვაშინგტონის მიმართ გაცილებით ხისტი და მყარი პოზიცია დააფიქსიროს. 31% კი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ქვეყანამ ატლანტიკურ მოკავშირესთან ურთიერთობების გამწვავების მაგივრად ყურადღება თანამშრომლობაზე გაამახვილოს. გერმანელი მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად აღიქვამს ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკულ განცხადებებს ოფიციალური ბერლინის მიმართ და მიიჩნევს, რომ ულტრა-მემარჯვენე პარტიებისთვის ღია მხარდაჭერის გამოცხადებით მაღალი თანამდებობის პირები ღიად ერევიან გერმანიის შიდა პოლიტიკაში.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ გერმანელი მოსახლეობის პოზიციები თითქმის იდენტურად ემთხვევა ქვეყანაში წარმოდგენილი წამყვანი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს. ცნობისთვის, Politico-ს მონაცემებით, ულტრა მემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” ამჟამად მოსახლეობის 26%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცენტრისტ, ასევე მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს კი, რომლებიც ევროკავშირთან მეტ დაახლოებას ემხრობიან, ჯამურად, საშუალოდ, 65%-იანი მხარდაჭერა აქვთ.




























