საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელს ტურისტების მოსაზიდად 10 ძირითად სამიზნე ბაზარზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დარგისთვის წარდგენილ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ტურიზმის სექტორის მიმოხილვას და დაგეგმილ აქტივობებს აერთიანებს.
დოკუმენტში, რომელიც BM.GE-სთვის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გახდა ხელმისაწვდომი, აღნიშნულია, რომ ათივე მიმართულებასთან საქართველოს პირდაპირი ფრენები აკავშირებს და ამ ქვეყნებიდან უმრავლესობას ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი - ასეთია პირველადი სამიზნე ბაზრების ჩამონათვალი, სადაც ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების მოსაზიდად აქტივობებს გეგმავს.
ამ ჩამონათვალის გარდა სახელმწიფო უწყებას სხვა სტრატეგიული ბაზრებიც აქვს გაწერილი, რომელთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა.
მარკეტინგული აქტივობების ჩამონათვალი მიზნობრივი ბაზრების მიმართულებით ასეთია:
თანამშრომლობა საერთაშორისო პლატფორმებთან Bloomberg, CNN, Euronews
ტარგეტირებული კამპანიები პოლონეთში, გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და აშშ-ში, უზბეკეთსა და ყაზახეთში;
როუდშოუ და პრეზენტაციები გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთში;
საერთაშორისო მედიის, ბლოგერებისა და ტურისტული კომპანიების ტურები
ამავე დოკუმენტში „მასშტაბური ღონისძიებების კალენდარია“ წარმოდგენილი:
- საქართველო M&I Forum -ის მასპინძელი ქვეყანა
30 ივნისი - 4 ივლისი
- 100-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ბაიერი ევროპის ქვეყნებიდან;
- 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი.
- Unwto World Tourism Day მასპინძლობა
26-28 სექტემბერი
- რეგიონებში მასშტაბური ტურიზმის აღსანიშნავი ღონისძიებები;
- ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოს მასშტაბით;
- საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება;
- მსოფლიო თასის ეტაპები
2023 ბაკურიანი
2024 გუდაური, ბაკურიანი
- ფრირაიდის მსოფლიო ტური - თეთნულდი, სვანეთი
1-7 მარტი, 2024