თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე „შალაურის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს ევროპის მიმართულებით საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.
მცირე მეღვინეობა, კახეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს რქაწითელის, საფერავის, კახურ მწვანეს, ქისსა და ხიხვის სთავაზობს. „შალაურის ღვინის მარნის" პროდუქტი ამჟამად უკვე 6 ქვეყანაში - იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და პოლონეთშია წარმოდგენილი.
დღეს კი მარნის თანადამფუძნებელი, დავით ბუაძე BM.GE-სთან „შალაურის ღვინის მარნის" სასმელის რეალიზების ზრდისა და ბაზრების გაფართოების გეგმებზე საუბრობს.
"მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის იმპორტიორთან ვაწარმოებთ. კერძოდ, გერმანიასთან და ინგლისთან. გარდა ამისა, სამიზნე ბაზრებს შორის სლოვენია, იტალია და სხვა ქვეყნებიცაა.
ჩვენ ღვინის არამასიური მწარმოებლები ვართ და ღვინოს მინიმალური ჩარევით ვაწარმოებთ. საერთო ჯამში, წელიწადში, 20 000-25 000 ბოთლამდე ღვინოს ვასხამთ, რომლის დაახლოებით 70% ექსპორტზე გადის.
რაც შეეხება ადგილობრივი გაყიდვების ბაზარს, ჩვენი ღვინო საქართველოში, ღვინის ბუტიკებში, მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში იყიდება. საერთაშორისო ბაზარზე, ჩვენი ღვინო დაახლოებით 9 -10 დოლარი ღირს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მისი ღირებულება დაახლოებით 20 ლარია", - აღნიშნავს დავით ბუაძე.
მეღვინე ამბობს, რომ მარანში ძირითადად 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონურად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შესასრულებლად, ადგილობრივი მოსახლეობის დამატებაც ხდება.
"ღვინოს ჩვენი საკუთარი ვენახიდან მიღებული ყურძნით ვაყენებთ. სოფელ შალაურში 6.5 ჰა მიწის ნაკვეთი გვაქვს, სადაც ისეთი ყურძნის ჯიშებია გაშენებული, როგორიცაა რქაწითელი, ქისი, ხიხვი, მწვანე და საფერავი. მათგან, ყველაზე მოთხოვნადი ღვინო, საფერავია და ჩვენი უცხოელი მყიდველებიც ძირითადად ამ ღვინით ინტერესდებიან.
სამი მარანი გვაქვს, სადაც 32 ქვევრია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მარანი სრულად აღჭურვილია“, - აცხადებს ბუაძე.