გერმანიის ენერგოინფრასტრუქტურა სრულად დივერსიფიცირებულია, რის გამოც, ქვეყანა რუსულ ენერგომატარებლებზე აღარ არის დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, BBC-სთან ისაუბრა.
იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანია რამდენიმე მიდგომას იყენებს: მოკლევადიან პერსპექტივაში, ქვეყანამ ქვანახშირის ელექტროსადგურები აამოქმედა, ატომური ელექტროსადგურების გაუქმების გადაწყვეტილება გადადო და რეკორდულად მოკლე დროში, თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის აშენება მოახერხა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპის უდიდესი ეკონომიკა ალტერნატიულ, მეტად სტაბილურ და უსაფრთხო მომწოდებლებზე გადასვლას გეგმავს.
„ენერგომატარებლების იმპორტზე, გერმანია, რასაკვირველია, ჯერაცაა დამოკიდებული, მაგრამ დღეს, დამოკიდებულება მოდის არა რუსეთზე, არამედ გლობალურ ბაზრებზე“, - აღნიშნავს კრისტიან ლინდნერი, რომელმაც დასძინა, რომ ბოლო დროს, გერმანული ენერგოპოლიტიკა საგრძნობლად შეიცვალა, რადგან გერმანია მიხვდა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის მმართველობის შემდეგ, ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა უნდა დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, გერმანიის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი, სწორედ რუსეთზე მიდიოდა. თუმცა, მოგვიანებით, გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტზე უარი განაცხადა, ხოლო გაზის მიწოდება თავად რუსეთმა შეწყვიტა, ჯერ კიდევ აგვისტოში.