გერმანიამ უკრაინისთვის დამატებით თითქმის €400-მილიონიანი სამხედრო დახმარება დაამტკიცა - ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის ფინანსთა მინისტრის წერილზე დაყრდნობით იტყობინება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, €397 მილიონი იმ €8-მილიარდიან ფონდს დაემატება, რომელიც უკრაინისთვის გერმანიის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო. შესაბამისად, გერმანია სამხედრო დახმარების კუთხით უკრაინის უმსხვილესი პარტნიორია ევროპაში.
"უკრაინაში სამხედრო სიტუაციის მუდმივი გაუარესების გამო, სერიოზული რისკი არსებობს, რომ უკრაინა, გაზრდილი მატერიალური დახმარების გარეშე, თავდაცვის საკუთარ კამპანიაში დამარცხდება", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის წერილში.
წერილში ფინანსთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მიმართვის შესაბამისად, პარლამენტის ქვედა რგოლის საბიუჯეტო კომიტეტს დამატებითი ხარჯების დამტკიცებას სთხოვს. საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, კარსტენ კლეინმა კი განაცხადა, რომ თავისუფალ-დემოკრატებმა შეთავაზება მიიღეს, რაც აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თუმცა კენჭისყრა ჯერ წინაა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საჭირო ფინანსები დაუყოვნებლივ უნდა დამტკიცდეს იმისთვის, რომ საჭირო ზომები უკრაინამ 2024 წელსვე გაატაროს, რაც უფრო მყისიერ ეფექტს იქონიებს. გამოყოფილი თანხა ტყვია-წამლის, სამხედრო მანქანების, დრონებისა და დამცავი ეკიპირების შესყიდვას მოხმარდება.
იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, გერმანიის მიერ 2024 წელს გაცემული სამხედრო დახმარების ღირებულება €8.4 მილიარდს მიაღწევს. 2025 წლის ბიუჯეტით უკრაინისთვის ამ თანხის ნახევარი, €4 მილიარდია გათვალისწინებული.