ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა, გაზის მარაგები 100%-ითაა შევსებული, - ამის შესახებ “ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის” უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.
ამგვარად, გერმანია რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელმაც ტექნიკური მარაგი სრულად შეავსო, დანარჩენი ქვეყნები - პორტუგალია (107.3%), რუმინეთი (103%) და ესპანეთი (100.4%) არიან.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გერმანიის ხელისუფლებამ რამდენიმე გეგმა დასახა - მარაგი 75%-მდე სექტემბერში უნდა შევსებულიყო, 85%-მდე ოქტომბერში და 95%-მდე ნოემბერში, მაგრამ სამივე ეს გეგმა ზედმიწევნით შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ წელს, ევროპაში თბილ ზამთარს ელოდებიან და შესაბამისად, გაზის მარაგების სრულად ათვისების საჭიროება არ დგას, თუ, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე გარეშე გავლენა სხვა ფაქტორებმა არ მოახდინა.
გერმანიის მსგავსი შედეგები ფიქსირდება მთლიანად ევროკავშირში, სადაც პირველი ნოემბრისთვის დაწესებული 90%-იანი მოთხოვნა ზედმიწევნით შესრულდა და ამჯერად, ევროკავშირის გაზსაცავების მარაგები თითქმის 100%-ითაა შევსებული.