მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების სოლიდარობის აქცია გაიმართება

6435202fb77bd
სალომე ხიდურელი
12.04.23 09:00
1075
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც გერმანიაში სატვირთო მანქანების 200-მდე, მათ შორის 50-მდე ქართველი, მძღოლი გაიფიცა.

გაერთიანების ცნობით, ტრაილერების მძღოლებმა, ვინც დასაქმებული იყვნენ პოლონური კომპანიების გაერთიანებაში - “Lukmaz”, “Agmaz” და “Imperija”, მუშაობა აუღებელი ხელფასების გამო შეწყვიტეს. არიან მძღოლები, ვისთვისაც დამსაქმებელს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს დასაფარი.

მძღოლები დახმარების თხოვნით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას დაუკავშირდნენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, ამ პროცესში სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მხარს უჭერენ გერმანიისა და ჰოლანდიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის გუნდი (RTDD).

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილესთან, რაისა ლიპარტელიანთან ერთად, გერმანიაში უკვე გაემგზავრა.

მათი შეხვედრების პარალელურად, დღეს, თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან, საქართველოს პროფკავშირები მძღოლების მხარდამჭერ აქციას 13:00 საათზე გამართავენ - ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები