ღვინის ეროვნული სააგენტო წელს გერმანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებზე 829 496 ევროს დახარჯავს. ამ მიზნით სააგენტომ FF.K. PUBLIC RELATIONS GMBH-ს ხელშეკრულება 23 თებერვალს გაუფორმა.
როგორც შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მითითებული, კომპანიასთან გამარტივებული წესით დაიდო ხელშეკრულება და მან გერმანიაში საქართველოში წარმოებული ღვინის პოპულარიზებას უნდა შეუწყოს ხელი. FF.K. PUBLIC RELATIONS GMBH-მა სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება 2026 წლის დეკემბრამდე უნდა ჩაატაროს.
ხელშეკრულების ფარგლებში FF.K. PUBLIC RELATIONS GMBH-მა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება უნდა უზრუნველყოს:
- გერმანიაში ქართული ღვინის შესახებ მედიასთან კომუნიკაცია;
- ღვინის ტურების ორგანიზება საქართველოში;
- გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის შესახებ სემინარების, შეხვედრების, პრეზენტაციების, მასტერკლასების და დეგუსტაციების ორგანიზება;
- გერმანიის ბაზარზე არსებულ ღვინის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გერმანელ ინფლუენსერსა და გერმანულ მედიასთან თანამშრომლობა;
- გერმანიის ღვინის მაღაზიებთან, საცალო და სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა;
ამას გარდა, შერჩეული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მარკეტინგული საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, წლიური ანგარიშის მომზადება (სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესრულების სტატუსი და მიღებული შედეგები). დოკუმენტი არაუგვიანეს 15 დეკემბრისთვის უნდა მომზადდეს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 1%-ით 6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, გერმანიას ქართული ღვინის ექსპორტით მხოლოდ პოლონეთი უსწრებს.




























